ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტზე ცხინვალიდან ზეწოლა გრძელდება

5 აგვისტო, 2017 • 4358
ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტზე ცხინვალიდან ზეწოლა გრძელდება

ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის “ფრილანსერი” ჟურნალისტი ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცავებმა კვლავ დაკითხეს.

20476320_861307280688384_7436828246164369752_n

ამჯერად, 2017 წლის 31 ივლისს დაკითხვაზე მერაყიშვილი ახალგორის პროკურატურაში, ოფიციალური უწყების შესაბამისად, ახალგორის სატყეო სამსახურის ახალი უფროსის, სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” წევრის, სპარტაკ დრიაევის განცხადების საფუძველზე დაიბარეს. სპარტაკ დრიაევი სამოქალაქო აქტივსტს ბრალს “ერთიანი ოსეთის” პატივისა და ღირსების შელახვისთვის დებს. საქმე შეეხება რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზაზე” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც რესპონდენტი თამარ მეარაყიშვილი, ახალგორის [ლენინგორის] რაიონში ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის დროს დანიშნული კადრების დათხოვნაზე და ახალი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა თანამდებობებზე დანიშვნაზე საუბრობს.

ახალგორის პროკურატურაში 31 ივლისის დაკითხვის დროს, როგორც თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, დაკითხვის მიზანი, არა საქმესთან დაკავშირებული კითხვები, არამედ დაშინება იყო.

“გამომძიებელმა მკითხა, რატომ არ ვთხოვდები? ვინ მარჩენს? მაქვს თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები? როდის დავასრულებ გამოცემა “ეხო კავკაზასთან” თანამშრომლობას? ვუთხარი, რომ იქ ბრალდებასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვიყავი და მსგავს კითხვებზე არ ვუპასუხებდი, რაზეც გამომძიებელი კიდევ უფრო გაღიზიანდა და შეურაცხყოფაზე და ყვირილზე გადმოვიდა”, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

საბოლოოდ, თამარ მეარაყიშვილმა ახალგორის პროკურატურის შენობა საქმესთან დაკავშირებული ჩვენების გარეშე დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, დაიბარებენ თუ არა მას ამავე საქმეზე ახალგორის პროკურატურაში კიდევ ერთხელ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან”, რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბრებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით, ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა, კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი