ახალი ამბები

მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა

4 აგვისტო, 2017 • 4132
მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ უკრაინის მოქალაქეობა, ჩამოართვეს, პოლონეთში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი პოლონეთის მმართველი პაარტის დეპუტატის მალგოჟატა გოშევსკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. პოლონური მედია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ვიდეოსაც ავრცელებს ვარშავიდან.

“პოლონურ რადიოსადგურ RMF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშილმა განაცხადა, რომ ის ვარშავაში აშშ-დან ჩაფრინდა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილი ამბობს, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც აპირებს ჩასვლას”, – წერს რია ნოვოსტი.

უცნობია, რა დოკუმენტებით მოგზაურობს მიხეილ სააკაშილი, რომელსაც ჯერ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს მას შემდეგ რაც მან უკრაინის პასპორტი მიიღო და შემდეგ უკრაინის.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი და უკრაინის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სააკაშვილის გადაადგილების ტექნიკური ნაწილი მისთვისაც უცნობია. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში რია ნოვოსტის ცნობით, ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა, ნეტგაზეთმა წერილობით მიმართა UNHCR-ს და შეეცადა გაერკვია რისი გაკეთება შეუძლია მოქალაქეობის არმქონე პირს. წერილის მიწერის პერიოდში სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა.

“მოგახსენებთ, რომ მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება. ამ სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი მოქალაქეობის არქონის შესახებ არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა, და აქვს თუ არა  მოქალაქეობის არქონის დადგენის ფორმალური პროცედურა, უნდა უზრუნველყოს პირის საჭიროებების შესაბამისი სამართლებრივი დაცვა, რაც შეიძლება მოიცავდეს დროებითი პირადობის მოწმობის გაცემას.

აშშ-ს შემთხვევაში, რომელსაც ეხება თქვენი მაგალითი, ამგვარი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელია, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო თავშესაფრის პროცედურისა და მასთან დაკავშირებული მექანიზმების მეშვეობით.  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (UNHCR), როგორც წესი, არ ერევა და არ გასცემს დოკუმენტებს ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ახორციელებს სამართლებრივ დაცვას”, – მივიღეთ პასუხად.

მასალების გადაბეჭდვის წესი