ახალი ამბები

რა ჩვენება მისცა სასამართლოს დეკანოზმა მამალაძემ – დაცვის და ბრალდების ვერსიები

4 აგვისტო, 2017 • 1990
რა ჩვენება მისცა სასამართლოს დეკანოზმა მამალაძემ – დაცვის და ბრალდების ვერსიები

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი სასამართლოში ამომწურავ ჩვენებას იძლევა. მათ შორის, ბრალდებული საუბრობს მისი დაკავების დროს პროცედურულ დარღვევებზე. ფანცულაიას თქმით, დეკანოზი ჩვენებაში ამბობს, რომ ის 5-მა ადამიანმა აეროპორტიდან გაიტაცა და პროკურატურაში მიიყვანა. ამ 5 ადამიანს შორის კი არ იყო ის ორი გამომძიებელი, რომლებიც დაკავების ოქმში არიან მითითებულნი. ადვოკატის თქმით, დეკანოზმა მზადყოფნა გამოთქვა, ამოიცნოს ამ 5-დან 4 ადამიანი, რომლებსაც ის უშუალოდ ხედავდა:

„მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ის 5 ადამიანი, რომელიც იყო იმ მინივენში, რომლითაც ის მოიტაზეს, მზადაა 4 ადამიანი ამოიცნოს, რომელსაც ხედავდა. მან თქვა, რომ ის ორი გამომძიებელი, რომლებიც ოქმშია მითითებული თითქოს მათ დააკავეს, ისინი საერთოდ არ ყოფილან იმ 5 ადამიანს შორის.

დეკანოზი დღევანდელ სასამართლო პროცესზეც აძლევს დეტალურ და ამომწურავ ჩვენებას იმის შესახებ, თუ რაც შეიძლება ოდნავ მაინც იყოს შემხებლობაში არსებულ საქმესთან. მის მიერ გაჟღერებულია არაერთი ინფორმაცია, თუ როგორ მოიტაცეს, როგორ მოხდა ციანიდის ჩადება მის ბარგში. როგორ ეუბნებოდნენ, რომ თითქოსდა ის პატრიარქს კლავდა, ასევე, როგორ სთხოვდნენ, რომ ხელი დაედოთ სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრისთვის, როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე. ის ამ ყველფერს დეტალურად ყვება,“ – ამბობს გიორგი ფანცულაია.

ადვოკატისგან განსხვავებულად აფასებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობას პროკურორი. ზვიად გუბელაძე უარყოფს დეკანოზის დაკავებისას შესაძლო პროცედურულ დარღვევებს და აცხადებს, რომ დაკავების ოქმზე დეკანოზს ხელმოწერით აქვს დადასტურებული, რომ ოქმში ასახული ინფორმაცია სწორია:

„აღნიშნულ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ის გამომძიებლები, რომლებმაც მოახდინეს მამალაძის დაკავება, შეადგინეს ოქმი და, სხვათაშორის, აღნიშნულ ოქმზე თავად გიორგი მამალაძეს აქვს ხელმოწერა, რომ ოქმში ასახული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებია, რომ თითქოსდა ზემოხსენებულ გამომძიებლებს ის არ დაუკავებიათ,“ – ამბობს გუბელაძე.

პროკურორის თქმით, გამართლდა ბრალდების ვარაუდიც, რომ დეკანოზი ჩვენებას შეცვლიდა:

„მის მიერ გაჟღერებული ჩვენებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან შეცვალა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. გამოძიების ეტაპზე ამბობდა, რომ სექტემბრის ბოლოს სთხოვა შორენა თეთრუაშვილმა გველის შხამი, დღეს კი განაცხადა, რომ ზაფხულის თვე იყო, მას შემდეგ, რაც ჩვენ მტკიცებულებები წარვადგინეთ, რომ ის ზაფხულიდან ინტერესდებოდა გველის შხამთან დაკავშირებით და ამით თითქოსდა მოვიდა მტკიცებულებებთან შესაბამისობაში.

გარდა ამისა, ის ადრე აცხადებდა, რომ კლინიკის წართმევას ცდილობდა შორენა თეთრუაშვილი, ქონებრივ საკითხებზე ჰქონდა მასთან დაპირისპირება. დღეს კი ისე გამოიყვანა თავის ჩვენება, თითქოს შეხმატკბილებულ ურთიერთობაში იყო შორენა თეთრუაშვილთან,“ – ამბობს გუბელაძე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესები დახურულია და ჟურნალისტები პროცესების შესახებ მხოლოდ პროკურორებისა და ადვოკატების საშუალებით იღებენ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი