კალაძე: ყველა საცხოვრებელი კომპლექსი არქიტექტურულ გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდეს

თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა  კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში “ურბანული გენოციდი” უნდა დასრულდეს.

“ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გავრცელებული მიმართვის მიხედვით, კალაძე ამბობს, რომ წლებია თბილისს არ ჰქონია ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია და გეგმა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და კომფორტზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნისკენ იქნებოდა მიმართული.

“არ ჰქონდა თბილისის ვიზუალური მხარის, არქიტექტურული უნიკალურობისა და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხედვა. ეს არის ჩვენი მინიმუმ ბოლო 25 წლიანი მემკვიდრეობაც და დანაშაულიც კი”, – ამბობს კალაძე.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი გუნდი აპირებს, კომპლექსურად, ყველა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას. კალაძის დაპირებით,  აუცილებლად მოაწესრიგებს ქალაქგეგმარებას, “მოგვარდება ქაოტური, უსახური და უხარისხო მშენებლობების პრობლემა”.

“თითოეული გაცემული ნებართვა, თითოეული გაცემული პროექტი, ეს იქნება მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი კონცეფციიდან გამომდინარე. ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა ეწერებოდეს საერთო სქემაში. უნდა აკმაყოფილებდეს არამარტო უსაფრთხოების ზომებს და ხარისხს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს არქიტექტურულ გემოვნებას და ქალაქის ერთიან სტილს ეხამებოდეს. ქალაქის განაშენიანება იქნება ჰარმონიული. გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ქალაქი გახდება თანამედროვე და რაც მთავარია სიცოცხლით სავსე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის განაშენიანების რეგულირების გეგმა 2017 წლის მაისის ბოლოს დასრულდა და მისი პრეზენტაცია გაიმართა თბილისის საკრებულოშიც. ახლა მიმდინარეობს განხლვები, რომლის შემდეგაც საკრებულო დაამტკიცებს გენგეგმას.

ის საკითხები, რაზეც კახა კალაძე საუბრობს ასევე განხილულია გენგეგმაში. გენგეგმა არის ის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქალაქის განაშენიანება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com