ახალი ამბები

დოკუმენტში სქესის შეცვლაზე ტრანსგენდერმა კაცმა საქართველოდან სტრასბურგს მიმართა

4 აგვისტო, 2017 • 2770
დოკუმენტში სქესის შეცვლაზე ტრანსგენდერმა კაცმა საქართველოდან სტრასბურგს მიმართა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან 1 აგვისტოს გაიგზავნა საქმე, რომლის საშუალებითაც ტრანსგენდერი კაცი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმის გამო საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლებს.

სტრასბურგის სასამართლოში აპლიკანტს წარმოადგენენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) საქართველოდან და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) ლონდონიდან.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ცნობით, აპლიკანტმა 2015 წელს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის (გენდერის მარკერის) შეცვლის მოთხოვნით. სააგენტომ მას უარი უთხრა სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე და საკუთარი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ აპლიკანტს არ წარმოუდგენია ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ ნამდვილად აქვს ,,სქესი შეცვლილი’’. სააგენტოს გადაწყვეტილება აპლიკანტმა გაასაჩივრა სასამართლოში, მაგრამ ორი ინსტანციის სასამართლომ სააგენტოს მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის თებერვალში დაუშვებლად ცნო აპლიკანტის საჩივარი.

“სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ ფრანგულ საქმეზე გამოიტანა დასკვნა, რომლის თანახმად, გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა. ამ მუხლის გარდა, დაზარალებული ქართველი აპლიკანტი სახელმწიფოს კიდევ ორი მუხლით შეედავება – არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობა (მუხლი 3) და დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14), იმ არგუმენტის საფუძველზე, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ოფიციალურ დოკუმენტებში მისი გენდერის მარკერის შეცვლა”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა შესაძლებელია დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებში, ასევე, პირადობის მოწმობაში, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიროვნება ქირურგიული ოპერაციის შედეგად შეიცვლის სქესს. საერთაშორისო სამართალი კი ამბობს, რომ ადამიანს დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად არ უნდა სჭირდებოდეს ქირურგიული ოპერაციის ან სტერილიზაციის ჩატარება.

 ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ – კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი