საქართველოსა და აზერბაიჯანის შს მინისტრების შეხვედრაზე აფგან მუხთარლის საქმე არ განუხილავთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის შს მინისტრს, რამილ იდრის ოგლი უსუბოვს შეხვდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრებმა სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათ აფგან მუხთარლის საქმეზე არ უსაუბრიათ.

როგორც შსს-ში განმარტავენ, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებას მათი უწყება აღარ აწარმოებს, ასევე აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიცია, რომელიც იძიებს მუხთარლის საქმეს მათივე შს სამინისტროსაგან დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მინისტრების განხილვის საგანი ჟურნალისტის გატაცება ვერ გახდებოდა.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი