ახალი ამბები

ადვოკატი: GEM Fest-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნაცემი არ არის

3 აგვისტო, 2017 • 2188
ადვოკატი: GEM Fest-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნაცემი არ არის

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, ის შეხვდა დღეს ანაკლიაში, მუსიკალური ფესტივალის “GEM Fest” ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას. დაკავებული მასთან საუბარში არ ადასტურებს პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტს და ამბობს, რომ პრეტენზია არ აქვს.

ადვოკატის თქმით, დაკავების ოქმში მითითებულია, რომ დაკავება მოხდა თავად ფესტივალის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ბარის უკან და არა მიმდებარედ, როგორც ეს თავიდან განაცხადეს მოძრაობაში. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობაზე ან ტიპზე ადვოკატს ინფორმაცია არ აქვს. როგორც ის ამბობს, მიმდიონარეობს ექსპერტიზა. მახარაძის თქმით, დაკავებული ადასტურებს, რომ ნივთიერება ჰქონდა. საქმის გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე.

დღეს დილით “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერი დააკავეს და მათი ინფორმაციით, იგი სავარაუდოდ სცემა პოლიციამ. შსს-მ ინფორმაცია თავიდანვე კატეგორიულად უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი