ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ცენტრი: შშმ პატიმარი აცხადებს, რომ ციხეში მის მოკვლას ცდილობდნენ

3 აგვისტო, 2017 • 2250
ადამიანის უფლებათა ცენტრი: შშმ პატიმარი აცხადებს, რომ ციხეში მის მოკვლას ცდილობდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” აცხადებს, რომ  შშმ მსჯავრდებული გავლენიან პატიმრებსა და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის განცხადებით, საუბარია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულ სოლომონ სეხნიაშვილზე, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა და გადაადგილდება ეტლით.

“მსჯავრდებულის განცხადებით, გავლენიანი პატიმრები მის მოკვლას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელს უწყობდნენ პენიტენციური დაწესებულების
თანამშრომლები,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობითვე, მსჯავრდებული აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა გარკვეულმა კატეგორიამ დაგეგმა მისი ლიკვიდაცია მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი მისი, როგორც შშმ მსჯავრდებულის პრობლემების შესახებ.

ორგანიზაციის ცნობით, სეხნიაშვილი ამბობს, რომ მოძალადე მსჯავრდებულებმა უთხრეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ეწინააღმდეგება ციხეში ჩამოყალიბებულ არაფორმალურ წესრიგს გავლენიან მსჯავრდებულებსა და ადმინისტრაციას შორის.

ორგანიზაიის ცნობით, სეხნიაშვილი ამბობს, რომ ამიტომ დაიგეგმა მისი ლიკვიდაცია და ამ მიზნით გადაიყვანეს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მასზე მსჯავრდებულებმა ისე განახორციელეს ზეწოლა, რომ ადმინისტრაციამ ინციდენტის პრევენცია არ მოახდინა, შემდეგ კი კვლავ №18 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც არსებულ პირობებს უჩიოდა.

“მსჯავრდებული სოლომონ სეხნიაშვილი 24 ივლისს №18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოათავსეს სამედიცინო ნაწილში. 26 ივლისს №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საღამოს, როცა ყველა პატიმარი უნდა ყოფილიყო თავიანთ საკნებში, სხვა კორპუსიდან სეხნიაშვილთან სამედიცინო ნაწილში გადავიდა ორი პატიმარი და აიძულებდნენ მას, შესულიყო თავის საკანში, სადაც მის მოკვლას გეგმავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სეხნიაშვილს უკვე გაფრთხილებული ჰყავდა დირექტორის მოადგილე, დაეცვათ მისი უსაფრთხოება, ინციდენტისას სამედიცინო ნაწილში ერთი საათის განმავლობაში არ ყოფილან არც უსაფრთხოების და არც სამედიცინო ნაწილის თანამშრომლები და სოლომონ სეხნიაშვილი მოძალადე პატიმრებთან მარტო იყო.

როგორც მსჯავრდებული აცხადებს, იგი მხოლოდ სათვალთვალო კამერებმა გადაარჩინა, რადგან ინციდენტი ხდებოდა კამერების წინ და პატიმრებმა ამის გამო ვერ შეძლეს მისი საკანში ძალით შეყვანა მოკვლის მიზნით,”- ვკითხულობთ ადამისნის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

4 აგვისტოს, 11 საათზე “ადამიანის უფლებათა ცენტრი” გეგმავს, რომ ამ საკითხზე პრესკონფერენცია ჩაატაროს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც აღნიშნეს, რომ ინფორმაციას გაეცნენ და საკუთარი პასუხის შესახებ გვაცნობებენ. მათ პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი