ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ოცნებას” მოუწოდებს, ნუ იქნებიან შეურაცხყოფის ინიციატორები

3 აგვისტო, 2017 • 1717
პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ოცნებას” მოუწოდებს, ნუ იქნებიან შეურაცხყოფის ინიციატორები

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, პრეზიდენტის მისამართით განცხადებების გაკეთებისას საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, ნუ იქნებიან შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები. თავის მხრივ, მმართველი გუნდში კი ერთმანეთს მოუწოდებენ, არ აყვნენ მარგველაშვილის განცხადებებს.

“გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს,” – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

ამის საპასუხოდ ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველთვის უფრთხილდებოდა ინსტიტუციურ თანამშრომლობას და პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის განმტკიცებისაკენ, რაც ძალიან სჭირდება ქართულ დემოკრატიას.

“არასოდეს, პრეზიდენტი, საკუთარი ინიციატივით, რაიმე კონფრონტაციული ნაბიჯის გადადგმას არც გეგმავდა და არც მომავალში არ გეგმავს. ყველა მისი ნაბიჯი კონსტიტუციურ ჩარჩოში ჯდება და მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს მმართველი გუნდისაგან. ეს ნორმალურია. როცა ამას იღებენ როგორც ძალიან მძიმედ, ეს უკვე არანორმალურია და ამაზე გვმართებს დაფიქრება ყველას ერთად”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტმა 2 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ისაუბრა “ქართულ ოცნებაზე” და განაცხადა, რომ ეს არის პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ “ვინც მათ გაკეთებულ საქმეს ტაშს არ უკრავს, არის მტერი და რეტროგრადი”. ასევე თქვა, რომ პარტიისთვის, რომელიც მუდმივად მოიპოვებს უმრავლესობას, ყველა განსხვავებული აზრი არის მიუღებელი, არგასათვალისწინებელი და დასაცინი. მან “ქართული ოცნების” დეპუტატების “აზროვნების ფორმა” გააკრიტიკა.

ასევე, 1 აგვისტოს გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ვიცეპრზიდენტ მაიკ პენსს გააცნო საკუთარი ინიციატივა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს, რაც გააკრიტიკეს უმრავლესობის წევრებმა. გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს არ იყო კომპეტენტური წინადადება და ინიციატივა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.

ეს არ არის უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინიტრაციას შორის წარმოქმნილი პირველი დაპირისპირება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაუპირისპირდნენ საპარლამენტო განხილვაზე. მანამდე კი პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვას გამოეხმაურა, რასაც ასევე საპირისპირო განცხადებები მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი