ახალი ამბები

იზორია: რუსეთთან ჩვენი პოლიტიკა შეთანხმებულია სტრატეგიულ პარტნიორებთან

3 აგვისტო, 2017 • 1678
იზორია: რუსეთთან ჩვენი პოლიტიკა შეთანხმებულია სტრატეგიულ პარტნიორებთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ ე.წ. სახღვართან ხნულების მშენებლობა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ის ამბობს, რომ მთავრობა მკაცრად გმობს აღნიშნულ ქმედებას, თუმცა ეს არ უნდა გახდეს პროვოკაციაზე წამოგების საბაბი:

“ყველა ეს ქმედება, იქნება ეს ვიზიტი თუ აღნიშნული ქმედება, არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ და ჩვენთან ერთადაა საერთაშორისო საზოგადოება და, ბუნებრივია, ის განცხადება და პათოსი, რომელიც უკავშირდება პერსპექტივაში საქართველოს გაერთიანებას, არის ჩვენი მთავარი მოტივაცია და, როგორც პენსმა თქვა, ეს აუცილებლად მოხდება” -ამბობს იზორია.

კითხვაზე, ხომ არ უნდა გახდეს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერა, ასევე, გაჟღერებული მესიჯები და სანქციები, რომლებიც აშშ-მა რუსეთს დააკისრა, საქართველოსთვის რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკაზე გადასვლის მიზეზი, იზორია აცხადებს, რომ პოლიტიკა, რომლითაც საქართველოს მთავრობა მოქმედებს, შეთანხმებულია ქვეყნის სტრატეგიულ პატრნიორებთან. მინისტრის თქმით, საქართველომ ცივი გონებით უნდა იმოქმედოს და შეინარჩუნოს პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს:

“ჩვენ გვაქვს შეთანხმებული პოლიტიკა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება, რომელიც პირველ რიგში, გულისხმობს მშვიდობის შენარჩუნებასთან და სტაბილურ განვითარებასთან დაკავშირებით იმ მონაპოვარს, რაც წლების განმავლობში დემოკრატიის განვითარების გზით გვაქვს. ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ და უფრო განვავითაროთ ის ინვესტიციები და მხარდაჭერა, რაც გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და ითვალისწინებს, პირველ რიგში, უსაფრთხოების გარემოს განმტკიცებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ განვვითარდებით, ჩვენ არ გვექნება ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც საფრთხე შეექმნება.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით. მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე. მაქსიმალირად თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი არსებული და მოსალოდნელი პროვოკაციები. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა. მათ შორის ჩვენი მრავალეროვანი წვრთნების მთავარ ამოცანა იმ დემოკრატიული განვოთარებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფაა, რომელიც გულისხმობს მშვიდობიანი გარემოს განმტკიცებას” – ამბობს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი