პუტინი და ტრამპი ხელს ართმევენ ერთმანეთს ჰამბურგში, G20-ის სამიტის პირველ დღეს © EPA/STEFFEN KUGLER

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა.

კანონპროექტი, რომელსაც ტრამპმა ხელი თეთრ სახლში მოაწერა, ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ირანისა და ჩრდილო კორეისთვის.

რუსეთი უარყოფს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდლობას. სანქციების ხელის მოწერიდან მალევე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე, რომელსაც კონგრესმა მხარი დაუჭირა, ხელის მოწერა მათთვის ახალი ამბავი არ ყოფილა და მოსალოდნელიც იყო. სანქციების საპასუხოდ რუსეთიდან 755 ამერიკელი დიპლომატი უკვე გააძევეს.

ბიბისის ცნობით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანიაც, არ არის მოხარული რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გამო. ახალმა კანონმა შესაძლოა ამ ქვეყნების კომპანიებიც დააზარალოს, ვინაიდან ისინი გარკვეულწილად რუსეთის მილსადენზე არიან დამოკიდებული.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ საუბარია “გაუთვალისწინებელ ცალმხრივ ეფექტზე, რომელმაც შესაძლოა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებზე იმოქმედოს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com