სახალხო დამცველი

ლილოში ომბუდსმენის აპარატის ორი თანამშრომლის ცემის საქმეს შსს იძიებს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 29 ივლისს აპარატის ორ თანამშრომელს ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტის დაცვის 20-მდე თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ საქმე დანაშაულადაა დაკვალიფიცირებული და კანონმდებლობიდან გამომდინარე შესაძლოა არ მოხდეს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალების დართვა.

როგორც სახალხო დამველის აპარატში აცხადებენ, რომ დაშავებულები ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა შსს-მ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა არ ამოიღოს, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა გამოძიების სათანადოდ ჩატარებას ხელი შეუშალოს, ინფორმაციის გავრცელება საჭიროდ მიიჩნიეს:

 

“მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო შეზღუდვამ ხელი არ უნდა შეუშალოს ეფექტიან და გონივრულ ვადებში გამოძიების წარმართვას და დამნაშავე პირების გამოვლენას, მით უმეტეს, რომ დაზარალებულებმა რამდენიმე პირის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს საგამოძიებო ორგანოებთან. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სისხლის სამართლის საქმეზე დროულად ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური გარემოებების დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის მიზნით” – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, მოხდება თუ არა გამოძიების პროცესში ვიდეომასალების ამოღება. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი