ახალი ამბები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

2 აგვისტო, 2017 • 2620
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ზაინბახერი ვენის პროკურატურის მოთხოვნით უკრაინის დედაქალაქში დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა ედება. როგორც გამოცემა Wiener Zeitung-ი წერს, ის პირველ აგვისტოს დააპატიმრეს და დაკავებულის ექსტრადირების საკითხს მოსამართლე განიხილავს.

მათივე ინფორმაციით, ავსტრიის პროკურატურა დაკავებულს ბრალად სდებს ორ არასრულწლოვან გოგონასთან განმეორებადი ხასიათის სექსუალურ კავშირს, როდესაც ის მათი მწვრთნელი იყო. მათი ინფორმაციით, პირველი გოგონა 11 წლის იყო და ეს ხდებოდა 1997 წლიდან 1999 წლამდე, ხოლო მეორესთან 2004 წელს, როცა გოგო 13 წლის იყო. 2001 წელს ზაინბახერს ასევე ჰქონდა 16 წლის გოგონაზე ძალადობის მცდელობა.

გამოძიებას პროკურატურა 2013 წლიდან აწარმოებს. გასული წლის დეკემბერში პეტერ ზაინბახერი სასამართლოში არ მივიდა და ამის შემდეგ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

პეტერ ზაინბახერი 57 წლის არის. მან ოლიმპიური ოქრო 1984 და 1988 წლებში მოიგო. ის რამდენიმეგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. ზაინბახერი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2010-2012 წლებში იყო. მისი მწვრთნელობის პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგო. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ერთი ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი