ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შესაძლოა სტრასბურგში იმსჯელონ

2 აგვისტო, 2017 • 1781
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შესაძლოა სტრასბურგში იმსჯელონ

“ვენეციის კომისია” მზად არის, რომ 6 სექტემბერს სტრასბურგში ორგანიზება გაუწიოს საქართველოს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო” ავრცელებს.

კერძოდ, როგორც “თავისუფალი საქართველო” აცხადებს, 25 ივლისს ვენეციის კომისიაში გაგზავნეს 9 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიმართვა („თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „თავისუფლება“, „ეროვნული ფორუმი“, „ახალი საქართველო“, „ტრადიციონალისტები“, „ვეტერანთა პარტია“), სადაც ნათქვამი იყო, რომ სწორედ ვენეციის კომისიამ უნდა იკისროს შუამავლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში.

“31 ივლისს 9 არასაპარლამენტო პარტიამ მიიღო პასუხი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის – ჯანი ბუკიკიოს ხელმოწერით, რომელის მიხედვითაც, ვენეციის კომისია მზად არის გაუწიოს ორგანიზება საქართველოს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრას 6 სექტემბერს სტრასბურგში.
არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის წინადადება არის სერიოზული შანსი ხელისუფლებაზე ზეწოლისა, რათა შეჩერდეს მე-2 მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები კონსტიტუციური რეფორმის უკლებლივ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის: საარჩევნო სისტემა, ბლოკების რეგისტრაცია, საარჩევნო ბარიერი, პრეზიდენტის არჩევის წესი და სხვა”- აღნიშნულია განცხადებაში.
“თავისუფალი საქართველოს” განცხდებითვე, ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ შეუერთდა ამ მიმართვას, რომლებმაც კონსტიტუციურ რეფორმაზე კონსულტაციების წარმოება და კომპრომისის ძიება ამ ეტაპზე მიუღებლად მიიჩნიეს.
“თავისუფალი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურენ ხელისუფლების წარომადგენლები. საპარლაპენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მზად არიან, ამ დიალოგში მონაწილეობა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღონ.
“თუ ოპოზიციასაც სურს, კონსენსუსი შედგეს ამ კონსტიტუციის გარშემო, ეს არის შესაძლებელი,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი