ახალი ამბები

ჩაბუქის ადვოკატს ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი დღეს შეაქვს სასამართლოში

2 აგვისტო, 2017 • 1997
ჩაბუქის ადვოკატს ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი დღეს შეაქვს სასამართლოში

დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც ჩაბუქს და მის ოჯახს უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

ადვოკატები მოიხოვენ, სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს სამინისტროს გადაწყვეტილება და დაავალდებულოს ის, რომ ჩაბუქს სტატუსი მიენიჭოს. ადვოკატის თქმით, ისინი დაარწმუნებენ სამინისტროს, რომ თურქეთში არსებობს რეალური საფრთხეები ჩაბუქისათვის.

როგორც ადვოკატი ვახო კვიჟინაძე აცხადებს, სასამართლოში პროცედურებს წესით 3 თვე მაინც დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი ექსტრადირების საკითხი ვეღარ განიხილება.

“ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ვიდრე სტატუსის მინიჭების საკითხი სადავოა, იქამდე ექსტრადირება ვერ მოხდება,” – აცხადებს კვიჟინაძე.

ადვოკატები სარჩელს დღეს საღამოს შეიტანენ.

დაკავებულის ცოლის, ტუბა ჩაბუქის თქმით, ისინი იმედს არ კარგავენ, რომ სასამართლო მათ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი