ახალი ამბებისამართალი

მოკლეს თუ არა ზურა ხუციშვილი პოლიციელებმა? – ოჯახი პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს

2 აგვისტო, 2017 • 5946
მოკლეს თუ არა ზურა ხუციშვილი პოლიციელებმა? – ოჯახი პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს

დღეს ზურაბ ხუციშვილის ოჯახის წევრებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პროკურატურისგან ზურაბ ხუციშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

როგორც ოჯახის ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე ამბობს, არსებობს ვარაუდი, რომ ხუციშვილი, რომლის გარდაცვალების ფაქტზეც გამოძიება საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს (თვითმკვლელობამდე მიყვანა), პოლიციელებმა მოკლეს.

ზუსტად ერთი წლის წინ ზურაბ ხუციშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. მას შემდეგ, რაც ხუციშვილი აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე იპოვეს, თავად ხუციშვილი კი მდინარეში იყო დამხრჩვალი. მისი გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანით დაიწყო.

გარდაცვალების სხვა გარემოებზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. როგორც მათი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე აცხადებს, ეჭვს საქმეში არსებული მასალები ბადებს. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში, ადვოკატის თქმით, დევს ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ ხუციშვილს პოლიციის მანქანა მისდევს. თუმცა, მისივე თქმით, კადრების ნაწილი დამონტაჟებულია, რაც ოჯახის ეჭვებს ამძაფრებს. გარდა ამისა, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს ჯერ კიდევ სიცოცხლეში სხეულზე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა:

“აეროპორტში მიდიოდა, აედევნა პატრული, ადევნების შემდეგ მისი გაჩერების ეპიზოდი ვიდეოდან ამოჭრილი აქვთ და არ არის საქმეში ეს კადრები. ჩვენ ვითხოვდით, მარცხენა სანაპირდან ამოეღოთ კადრები. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ ჩნდება კამერაში ხუციშვილის მანქანა, სადაც ჩანს, რომ მას ავარიული ციმციმები აქვს ანთებული და გარბის, მოსდევს საპატრულო ეკიპაჟი,”  – ამბობს ადვოკატი.

ზურაბ ხუციშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს 02.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

შუკაკიძის თქმით, აქედან რამდენიმე წუთში ხუციშვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ადვოკატი ფიქრობენ, რომ პატრულის თანამშრომლები ხუციშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. ოჯახის ეჭვებს ისაც ამძაფრებს, რომ მანქანას, რომელსაც ხუციშვილი მართავდა, საბურავი ჰქონდა მომძვრალი. ოჯახი ეჭვობს, რომ საბურავი პოლიციის მიერ სროლისას დაზიანდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში შესაბამის უწყებებს არც გარდაცვლილის მანქანის საბურავი ამოუღიათ და არც მისი ექსპერტიზა ჩატარებულა:

“მანქანა მიდის სანაპიროზე მშვიდად, გაურკვეველ ვითარებაში საბურავის ჩაფუშვა და გადაძრობა არ ხდება. პოლიციას საბურავი არ აქვს ამოღებული. საბურავი, რომელიც მოძვრა მანქანას, არ ამოიღეს,” – ამბობს შუკაკიძე.

ადვოკატის თქმით კი, შსს-ში ხუციშვილზე პატრულის თანამშრომლების მიერ დევნის ფაქტს სრულად უარყოფენ.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით ოჯახმა პროკურატურას არაერთხელ მიმართა და უარი მიიღო. დღეს კი, აქციის მსვლელობისას, ოჯახმა პროკურორთან შეხვედრის შეთავაზება მიიღო. შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურორმა მზაობა გამოთქვა, ხუციშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყოს. ლაშა შუკაკიძის თქმით, პროკურატურა საქმის მასალებს უახლოეს დღეებში გამოითხოვს.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი