ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

დანაშაულის პროვოცირება სამართალდამცავების მიერ

2 აგვისტო, 2017 • 7476
დანაშაულის პროვოცირება სამართალდამცავების მიერ

“ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ პირი დააკავა”, – ამგვარი შესავლით საგამოძიებო უწყება ხშირად ავრცელებს ინფორმაციას დანაშაულის გახსნის შესახებ, თუმცა “საგამოძიებო მოქმედებები”, რომლებზეც საგამოძიებო სტრუქტურები საუბრობენ, შესაძლოა პროვოცირებული დანაშაული იყოს, რომელიც ევროპულ სასამართლოს გაუმართლებელ ქმედებად მიაჩნია.

12 სასამართლო საქმე არის განხილული ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში – “დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა”, რომლის პრეზენტაციაც 31 ივლისს გაიმართა. კვლევა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერაა ჩატარებული.

რას ნიშნავს “დანაშაულის პროვოცირება”? ეს ტერმინი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში “პოლიციის მიერ წაქეზების” მნიშვნელობით გამოიყენება. დანაშულის პროვოცირებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული სახელმწიფოს წარმომადგენლები ისეთ გავლენას ახდენენ სუბიექტზე, რომ დანაშაულის ჩადენას აქეზებენ, რაც ამ წაქეზების გარეშე არ იქნებოდა ჩადენილი. ამას გარდა, ეს ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა დანაშაულის პროვოცირებად, როდესაც მიზანი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება  და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაა.

როგორ არის დარეგულირებული “დანაშაულის პროვოცირება” საქართველოს კანონმდებლობით

“დანაშაულის პროვოცირების რისკი არსებობს “ფარული საგმოძიებო მოქმედებების, “ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების” გატარების დროს. საქართველოს კანონი ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შესახებ არ იცნობს დანაშაულის პროვოკაციის ცნებას და ნორმას მისი აკრძალვის შესახებ. თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლი დანაშაულის პროვოკაციას დასჯად ქმედებად აცხადებს.  ეს მუხლი ეხება 14 წლის ასაკიდან ყველა პირს, კერძოს თუ სახელმწიფოს წარმომადგენელს.

სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მითითება დანაშაულის პროვოცირებით მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ. კოდექსში მხოლოდ მტკიცებულებების დაუშვებლობის ზოგადი სტანდარტი არსებობს, რომელიც 72-ე მუხლით რეგულირდება და ამ მუხლის თანახმად, კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ “კანონის არსებითი დარღვევა” შეფასებითი ცნებაა.

“დანაშაულის  პროვოცირების ცნების არარსებობა ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე, პროვოცირების არსებობის საკითხის შესაფასებლად საჭირო გარემოებების გამოკვლევის შეზღუდული საკაონმდებლო შესაძლებლობები ამცირებს სასამართლოების ეფექტიანობას დანაშაულის პროვოცირებით მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თვალსაზრისით. სასამართლოს უნდა გააჩნდეს სისხლის სამართლის საპროცესო ეფექტიანი შესაძლებლობები დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის უზრუნველსაყოფად”,- ვკითხულობთ კვლევაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ძალიან მკაცრი მიდგომები აქვს “დანაშაულის პროვოცირების” მიმართ. როგორც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი თინათინ ცხვედიანი ამბობს, სტრასბურგის პრაქტიკა “დანაშულის პროვოცირებასთან” დაკავშირებით ცალსახაა და გამონაკლისს არ ცნობს:

“დანაშუალის პროვოცირება არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ასე მოპოვებული მტკიცებულების საქმის წარმოებაში დაშვება, რადგან ეს აბსოლუტური უფლებაა.  დანაშაულის პროვოცირება საერთოდ სხვა კონცეფციაა და ფარული საგამოძიებო ღონისძიება საერთოდ სხვა კონცეფციაა. ფარული საგამოძიებო ღონისძიება არ უნდა ნიშნავდეს პროვოცირებას რაიმე ფორმით. როგორ განხორციელდება ეს და როგორ დაიგეგმება პრაქტიკაში, ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შედეგად არ უნდა იყოს ან წაქეზება ან დანაშაულის პროვოცირება. ძალიან ერთმნიშვნელოვნად აცხადებს სტარასბურგი, რომ გამონაკლისი არ არსებობს”,- ამბობს თინათინ ცხვედიანი.

სტრასბურგი “დანაშუალის პროვოცირების” საქმეებზე  ორეტაპიან ტესტს იყენებს – პირველ რიგში, ის იკვლევს დანაშაულის პროვოცირების ფაქტის არსებობას (მატერიალური ტესტი), შემდეგ კი ევროპული სასამართლო ამოწმებს, ჰქონდა თუ არა განმცხადებელს ეროვნული სასამართლოს წინაში პროვოცირების საკითხის დაყენების ეფექტიანი შესაძლებლობა (სპროცესო ტესტი).

ევროსასამართლო აცხადებს, რომ “დანაშაულის პროვოცირების” დადგენა არ ნიშნავს, რომ განმცხადებელი უდანაშაულოა. სტრასბურგი საქმის განახლებას ან გადასინჯვას ყველაზე ადეკვატურ ზომად მიიჩნევს, თუ “დანაშუალის პროვოცირება” დადასტურდება.

როგორ ვლინდება საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე?

კვლევაში 12 სასამართლო საქმეა განხილული, რომლებიც  “დანაშაულის პროვოცირებასთან” არის დაკავშირებული. საქმეები ეხება ყაჩაღობის, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებებს, თუმცა საქმეების უმეტესობა ქრთამის აღებასა და მოსყიდვაზე მოდის.

მაგალითად, თინა ბიბილაშვილი (სახელი და გვარი შეცვლილია) სიღნაღში, საჯარო რეესტრის სააგენტოში მუშაობდა. თინას პირი დაუკავშირდა, რომელიც ფარულ ოპერაციებში ჩართული აღმოჩნდა. იგი ერთი წლის მანძილზე ცდილობდა თინასთან დაახლოებას და თავი ბიზნესმენად გააცნო. დროის გასვლის შემდეგ მათ შორის მართლაც კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს “ახლობლობა” სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო დაგეგმილი.

ნაცნობობის ერთი წლისთავზე აღნიშნული პირი თინას ურეკავს და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვს. პირველ ეტაპზე თინამ თავის კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწია, შემდეგ კი იმ საბუთების მომზადებაში დაჰპირდა დახმარებას, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა. თინას ფარულმა თანამშროელმა საჩუქრის სახით თანხა შესთავაზა, არაერთი უარის შემდეგ თინამ საჩუქარი აიღო, რაც პირმა ფარულად გადაიღო.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს დანაშაულის პროვოცირების ფაქტი ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით:

“წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ წაქეზება ფარული თანამშრომლის მიერ მოხდა. ის არაერთხელ დაუკავშირდა ბრალდებულს, ჯერ ვერ დაითანხმა და სხვადასხვა ხერხი გამოიყენა დანაშაულის წასაქეზებლად. აღსანიშნავია, რომ თანხის შეთავაზებას წინ უძღოდა მოხელესთან დაახლოების ხანგრძლივი პროცესი, ანუ დანაშაულის ჩადენისთვის ხელსაყრელი გარემოს განზრახ შექმნა”,- ვკითხულობთ კვლევაში.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი დავით კვაჭანტირაძე ამბობს, რომ კვლევაში განხილულ თორმეტივე სასამართლო პროცესზე სტრასბურგი იტყოდა, რომ  ადგილი აქვს დანაშაულის პროვოცირებას:

“ან იტყოდა, რომ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დანაშაულის პროვოცირებას, ან იტყოდა, რომ სასამართლომ ეს საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია. მეთოდები, რასაც სახელმწიფო იყენებს და ჩემი აზრით პრობლემატურია, ეს არის პირველადი ნდობის მოპოვების შემდეგ არაერთი შეთავაზება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩასადენად. უარის მიუხედავად, სხვადასხვა ფსიქოლოგიური ზემოქმეების მეთოდების გამოყენებით ბოლოს დათანხმება პირისა, რომ ჩაებას დანაშაულში. ამ საქმეებიდან გამოვლინდა, რომ მთელი რიგი მოქმედებები, რასაც ახორციელებენ სახელმწიფო თანამშრომლები, არ რეგულირდება ნორმებით, ან ისეთი ნორმებით რეგულირდება, რასაც ჩვენ ვერ გადავამოწმებთ”.

სად გადის ზღვარი დანაშაულის პროვოცირებასა  და დანაშაულის გამოძიებას შორის, რომ მაგალითად, ნარკოდანაშაულის გამოვლენისთვის საჭიროა სანდო გარემოს შექმნა და სხვა საშუალებების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ასეთი დანაშაული გამოუძიებელი დარჩეს? “ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ” პირველი საქმეა, რომელიც სტრასბურგის სამამართლომ “დანაშაულის პროვოცირების” კუთხით განიხილა და ის ნარკოდანაშაულს ეხებოდა.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი პოლიციელი ნაკლებად მძიმე ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილ პირს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ჰაშიშის შეძენა სურდა. პოლიციელებს სურდათ ნარკომომწოდებელი გამოეაშკარავებინათ. პირმა ჰაშიშის მომწოდებლის პოვნა ვერ შეძლო. ამის შემდეგ სამოქალაქო პირებად წარდგენილმა პოლიციელებმა მას ჰეროინის შეძენაში დახმარება სთხოვეს. ეჭვმიტანილმა მათთან საუბარში ტეიშეირა დე კასტრო ახსენა. საბოლოოდ, ნარკოტიკის გადაცემის დროს პოლიციელებმა ტეიშეირა დე კასტრო დააკავეს.

ეროვნულ დონეზე დე კასტრომ დააყენა დანაშაულის პროვოცირების საკითხი, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დე კასტროს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ მიიჩნია, რომ “აგენტი პროვოკატორის” გამოყენება არ ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ კანონმდებლობას, დე კასტრომ ამის შემდეგ მიმართა ევროსასამართლოს და განაცხადა, რომ იგი ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა, რომ არა აგენტი-პროვოკატორების ჩარევა.  ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ქმედება გასცდა პასიური გამოძიების ფარგლებს და პოლიციელებმა დე კასტროზე დანაშაულის მაპროვოცირებელი გავლენა იქონიეს.

“სტრასბურგი ამბობს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ აქტიურები და მათ არ უნდა გამოიწვიონ დანაშაულის ჩადენა. რა თქმა უნდა, ოპერატიული ღონისძიება დაშვებულია, მაგრამ ფარული თანამშრომლები უნდა შეუერთდნენ უკვე დაწყებული დანაშაულის ჩადენას. ხელოვნური გარემოს შექმნა ეს არის აქტიური მოქმედება იმ ვითარების შესაქმნელად, რომელშიც პირს გაუადვილდება დანაშაულის ჩადენა. ამიტომ კრძალავს სტრასბურგი ამას”, – განმარტავს ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი