“ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა” – ციხელაშვილი პუტინის აფხაზეთში შესაძლო ჩასვლაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტი პროვოკაციული ქმედებაა და რუსეთის მხრიდან ფაქტობრივი ანექსიის მცდელობაზე მიუთითებს. ციხელაშვილის თქმით, საქართველომ პარტნიორებთან ერთად კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაზე უნდა იმუშაოს:

“ამის განხილვა შესაძლებელია იმ ჭრილში, რომ გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და, როგორც მოგახსენეთ, ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ერთიანი ძალისხმევით პარტნიორებთან ერთად ვიმოძრაოთ მდგრადი სტაბილურობისკენ, რაც გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას” – თქვა ციხელაშვილმა. 

გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა აფხაზეთში ჩავიდეს. Gazeta.ru წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი 8 აგვისტოს შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდეს.

“ასეთი ვიზიტის შესაძლებლობა და თარიღები ამ დროისთვის დიპლომატიური არხებით მუშავდება”, – რია ნოვოსტის ინფორმაციით, განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.