ახალი ამბებიტექნოლოგიები

ფეისბუკი ვიდეოსაუბრისთვის სპეციალურ მოწყობილობას ქმნის

2 აგვისტო, 2017 • 4367
ფეისბუკი ვიდეოსაუბრისთვის სპეციალურ მოწყობილობას ქმნის

ფეისბუკი სახლში ვიდეოზარების მისაღებად სპეციალურად ქმნის მოწყობილობას, რომელიც მათი ექსპერიმენტული ლაბორატორიის პირველი მნიშვნელოვანი პროდუქტი იქნება. ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დივაისს მომავალი წლის გაზაფხულზე F8 კონფერენციაზე წარადგენენ. მას ექნება დაახლოებით 15-ინჩიანი სენსორული ეკრანი, სმარტკამერა, აუდიო, მისი ოპერაციული სისტემა კი დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი იქნება. კამერა შეძლებს 360-გრადუსიანი ვიდეოს ჩვენებას და კონკრეტულ სახეებზე ან ნივთებზე ავტომატურად მიახლოებას, ფოკუსირებას.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, უკვე არსებობს მოწყობილობის პროტოტიპი და ფეისბუკი მის გამოცდას ატარებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მისი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთისაგან შორს იმყოფებიან, თავი ერთ ოთახში აგრძნობინოს.

ამასთანავე ფეისბუკი აგრძელებს მუშაობას აუდიომოწყობილობაზე, რომელიც “ამაზონ ექოსა” და “გუგლ ჰოუმის” კონკურენტად მოიაზრება. “ბლუმბერგის” წყარო აცხადებს, რომ ფეისბუკი კომპანია ეფლისა და გუგლის ყოფილ ინჟინრებთან ერთად მუშაობს, რათა შექმნას ეფლის ხელოვნური ინტელექტის/აუდიოასისტენტის “სირის” მსგავსი ოპერაციული სისტემა, რომელიც ორივე მოწყობილობისათვის იქნება – როგორც სასაუბროსთვის, ასევე, სპიკერისთვის.

ტექ ჩარჩის” თანახმად, სავარაუდოდ, მოწყობილობაში ინტეგრირებული იქნება ფეისბუკმესენჯერი და კომპანიას ცალკე პლატფორმის შექმნა აღარ დასჭირდება, რაც მესენჯერის მომხმარებელთა რაოდენობასა და ინტენსივობას გაზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი