ახალი ამბებიკინოხელოვნება

რვა ახალი სერიალი

1 აგვისტო, 2017 • 6623
რვა ახალი სერიალი

ზაფხული ახალი სერიალების დროა, სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებენ ამერიკული ტელეკომპანიები და ცდილობენ ახალ-ახალი სერიალები შესთავაზონ მაყურებლებს მთელ მსოფლიოში.
გთავაზობთ რვა ახალ სერიალს, რომლის პრემიერაც ამ ზაფხულს შედგა ან აგვისტოში იგეგმება.


CLAWS – ბრჭყალები

სერიალი, რომელიც TNT-ს დაკვეთით მზადდება, მოგვითხრობს ხუთი მემანიკურე ქალის ცხოვრებაზე სამხრეთ ფლორიდაში. ქალები მანიკურის სალონს მართავენ და ერთვებიან საეჭვო საქმიანობაში იქვე არსებულ კლინიკაში.

სერიალი უკვე გადის TNT-ზე და მისი სეზონის ფინალი ათი აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.


The Bold Type – მუქი შრიფტი

„მუქი შრიფტი“ Freeform-ის ახალი სერიალია სამი ქალის შესახებ, რომლებიც მუშაობენ ქალებისთვის განკუთვნილ პრიალა ჟურნალში სახელწოდებით „სკარლეტი“. სერიალში ნაჩვენებია მათი ცხოვრება ნიუ-იორკში, სასიყვარულო ურთიერთობები, თავგადასავლები და ა.შ.

სერიალის ნახვა უკვე შესაძლებელია. „მუქი შრიფტის“ პროდიუსერია Сosmopolitan-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ჯოანა ქოლსი, სერიალის სიუჟეტიც ეფუძნება ჯოანას გატარებულ წლებს Cosmopolitan-ში.

Disjointed – დანაწევრებული

ვისაც ჩაკ ლორის ცნობილი სერიალი, „დიდი აფეთქების თეორია“ გინახავთ, მოემზადეთ, 25 აგვისტოს Netflix ახალ სიტკომს გამოუშვებს, რომლის შემქმნელიც ჩაკ ლორია. სერიალში მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, ქეტი ბეიტსი შეასრულებს. მისი პერსონაჟი მარიხუანის აქტიური მომხმარებელია.

Midnight, Texas – მიდნაითი, ტეხასი

„მიდნაითი, ტეხასი“ NBC-ის ახალი სერიალია. თუ გახსოვთ ამავე ტელეარხის სერიალი, „ნამდვილი სისხლი“, გეტყვით, რომ ორივე სერიალი წიგნების მიხედვითაა დაწერილი და ორივე წიგნს ერთი და იგივე ავტორი ჰყავს – შერლინ ჰერისი. მოქმედება ტეხასის შტატში ვითარდება და სერიალში შეხვდებით ისეთ ზებუნებრივ არსებებს, როგორებიც არიან ვამპირები, დაცემული ანგელოზები, ჯადოქრები და მკითხავები.

სერიალის პრემიერა 24 ივლისს შედგა.

The Mist – ნისლი

„ნისლი“ Spike-ის ახალი სერიალია, რომელიც ცნობილი ამერიკელი ავტორის, სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს. სერიალში მოქმედება ამერიკის პატარა ქალაქში ვითარდება, ქალაქი მოულოდნელად ნისლით დაიფარება, რაც გამოიწვევს ხალხში პანიკას და ქაოსს, მოგვიანებით მოსახლეობა იგებს, რომ ქალაქი ნისლის გამო სავსეა მონსტრებით. სერიალის პრემიერა შედგა 22 ივნისს.

Will – უილი

სერიალი „უილი“ მოგვითხრობს ამბავს ბრიტანელი დრამატურგის უილიამ შექსპირის ადრეულ წლებზე. ახალგაზრდა უილიამი, რომელიც ცდილობს დაწეროს პიესები და არჩინოს ოჯახი, მიემგზავრება ლონდონში ერთ-ერთ თეატრთან სათანამშრომლოდ. სერიალში ნაჩვენებია შექსპირის სასიყვარულო ისტორიები, მცდელობები და ცხოვრება ლონდონში.

სერიალის პრემიერა ტელეარხ TNT-ზე შედგა ამ ზაფხულს.

Somewhere Between – სადღაც შუაში

ABC-ის ახალი დრამა, „სადღაც შუაში“ მისტიკის და თრილერის ელემენტებს შეიცავს. ისტორია ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება. დედა, რომელიც გაიგებს, რომ მისი შვილი აუცილებლად მოკვდება, იწყებს დროში მოგზაურობას, რათა თავიდან ააცილოს შვილს შესაძლო უბედურება.

სერიალის პრემიერა 24 ივლისს შედგა.

Salvation – გადარჩენა

CBS-ის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალის პრემიერა სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა. სერიალი „გადარჩენა“ მოგვითხრობს ისტორიას ახალი ასტეროიდის აღმოჩენის შესახებ, რომელიც დედამიწას უახლოვდება. სერიალში მთავარ როლს „დიდი პატარა ტყუილების“ მსახიობი, სანტიაგო კაბრერა ასრულებს.

სერიალის პრემიერა ტელეარხზე 12 ივლისს შედგა.

ფოტო: IMDB 

მასალების გადაბეჭდვის წესი