ახალი ამბები

ორი ახალგაზრდა პოლიციელებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

2 აგვისტო, 2017 • 3167
ორი ახალგაზრდა პოლიციელებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ალექსანდრე ლელაშვილი და დავით ხარშილაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობენ, რომ 1 ივლისს, ღამით, წყლის საყიდლად იყვნენ გამოსული, რა დროსაც პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა, შეურაცხყოფა მიაყენა და ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინა. მათ საიას დახმარებით პროკურატურას მიმართეს რეაგირებისთვის.

პროკურატურის პრესსამსახურში გვაცნობეს, რომ 31 ივლისს საქმეზე გამოძიება დაიწყეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სსსკ-ის 333-ე მუხლი).

რაც შეეხება პოლიციელების მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ ოქმს, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებდა (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები), სასამართლომ არ გაიზიარა.

ალექსანდრე ლელაშვილი ნეტგაზეთთან დაწვრილებით იხსენებს, თუ რა მოხდა თბილისში 1 ივლისის ღამეს.

“მე და ჩემი მეგობარი გამოვედით ბარ “კანუდოსიდან”, წყალი უნდა გვეყიდა. გადავკვეთეთ ელბაქიძე. კიბეების დასასრულს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი წინ გადაგვიდგა და ძალიან უხეშად მოგვმართა, რომ თქვენ, ბიჭო, აქ ვერ გაივლითო. თვითონ გვითხრა, რომ პოლიციის თანამშრომელი ვარო. ვუთხარი, თუ შეიძლება, საბუთი წარმომიდგინეთ-მეთქი, ამაზე ძალიან გაღიზიანდა და აგრესიაზე გადმოვიდა, – “თქვენ, ბიჭო, არავითარ საბუთს არ წარმოგიდგენთო”. დაძაბულობა რომ იყო და ძალიან უხეშად რომ მოგვმართავდა, ამ ხმაურზე მოვიდა ორი პოლიციელი. ბოლოს ერთ-ერთმა გვითხრა, ბიჭებო, აქ რეიდია, სხვა გზით გააგრძელეთ მოძრაობაო და სხვა გზაზე მიგვითითა. მე და ჩემმა მეგობარმა ვუპასუხეთ, გასაგებია, რომ რეიდი არის, კი ბატონო. საუბარი რომ  გვქონდა ჩვენ და ფორმაში გამოწყობილ იმ პოლიციელს, ესეც არ ესიამოვნა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ პირს, როგორც ჩანს, და დაგვიწყო აქეთ, რომ თქვენ თუ არ მოგწონთ ჩემი საუბარი, სადაც გინდათ, იქ დარეკეთ და ა.შ. ვუთხარი, რომ გენინსპექციაში დავრეკავ, თუ ვერ ვგვარდებით-მეთქი. ამოვიღე ტელეფონი, ნომერი ავკრიფე, უნდა დამერეკა და მაშინვე გამომგლიჯა ტელეფონი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა და ჩემი დაკავების ბრძანება გასცა. კიბეებზე ჩამათრიეს და მანქანისკენ წამიყვანეს.

წინააღმდეგობას არ ვუწევდი, მაგრამ ძალიან უხეშად მაკავებდნენ, ძალიან გადამიტრიალეს ხელი და ვცდილობდი, ეს ხელი ჩემთვის მოსახერხებელ პოზაში დამეჭირა. შევუტრიალდი ჩემს მეგობარს და დავუძახე, ვიდეო გადაიღე, ტყუილად მიჭერენ-მეთქი. ჩემმა მეგობარმა ვიდეოს გადაღება დაიწყო და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა რომ დაინახა, თქვა, დაიჭირეთ ესეც, ვიდეოს იღებსო. შემდეგ ისიც დააკავეს და წაგვიყვანეს ძველი თბილისის მეშვიდე განყოფილებაში. შეგვიყვანეს სართულზე, სადაც კამერები არ არის.

ცდილობდნენ, ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ.  წარმოიდგინეთ, ბარიდან გამოვედი წყლის დასალევად, ეს ხდება სადღაც 1 საათზე, 2-ის ნახევარზე დაგვაკავეს და როგორ მწყუროდა, თან ნერვიულობაც დაერთო. ძალიან ცუდად ვიყავი, 15-20 წუთის გამავლობაში ვეხვეწებოდი, წყალი დამალევინეთ-მეთქი, მპასუხობდნენ, ჩვენთან წყალი არ მოდის, არ დაგალევინებთო. ვფიქრობ, ეს წამებაა. სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ვიღაც ბიჭი დასვეს, რომ ჩვენთვის ეყურებინა. მერე იმას ვეხვეწებოდი დიდი ხანი, წყალი დამალევინე-მეთქი. ბოლოს ამაყენა, წამიყვანა ტუალეტში და მეუბნება, ტუალეტის ონკანის წყალი დალიეო. რა მექნა, ძალიან ცუდად ვიყავი და დავლიე. 

გვეუბნებოდნენ, თქვენ ექიმები ხართ და აღიარეთ დანაშაული, მოსამართლე სიტყვიერ გაფრთხილებას მოგცემთ მაქსიმუმ და გამოგიშვებთ, არც ჯარიმა გექნებათ გადასახდელი და არც თქვენს პირად საქმეში აისახებაო. იმისკენ მიდიოდა, რომ გვეღიარებინა მათი ბრალდება. შემდეგ, გადაგვიყვანეს წინსწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მეორე დღის პირველ საათამდე ვიყავით,”- ამბობს ალექსანდრე ლელეშვილი.

საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურმა დაგვიდასტურა, რომ ხარშილაძის და ლელაშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

სასამართლოს განჩინებაში კი, რომელიც მხარემ მოგვაწოდა, საუბარია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ მათ სამართალდარღვევა ჩაიდინეს.

“სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არის უტყუარად დადგენილი, რომ [მათ] მიერ ჩადენილია სამართალდარღვევის ის ფაქტი, არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყოს …  ადმინისტრაციული სახდელი, რის გამოც მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება უნდა შეწყდეს” – ვკითხულობთ განჩინებაში.

ალექსანდრე ლელაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას სხეულის დაზიანებები მიიღო, რაზეც მან წინასწარი დაკავების იზოლატორშიც გაიარა სამედიცინო შემოწმება, ასევე, გათავისუფლების შემდეგ მივიდა სხვა კლინიკაში და სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროშიც.

ფორმა 100-ში, რომელიც “ქირურგიის ეროვნულ ცენტრში” 3 ივლისს არის შედგენილი, ნათქვამია, რომ პაციენტს ორივე მაჯაზე აღენიშნება მრავლობითი კანქვეშა სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები, ასევე, მრავლობითი სისხლნაჟღენთები ზურგსა და გულმკერდზე.

ამონაწერი ფორმა 100-დან, რომელიც მხარემ მოგვაწოდა

ამონაწერი ფორმა 100-დან, რომელიც მხარემ მოგვაწოდა

ალექსანდრე ლელაშვილის განცხადებით, ეს ფოტოები დაკავებისას მიღებულ დაზიანებებს ასახავს

ალექსანდრე ლელაშვილის განცხადებით, ეს ფოტოები დაკავებისას მიღებულ დაზიანებებს ასახავს

რაც შეეხება ვიდეოს, დავით ხარშილაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ვიდეოჩანაწერში, რომელიც ალექსანდრე ლელაშვილის დაკავებისას გადაიღო, ჩანს, როგორ აკავებენ პოლიციელები იმის გამო, რომ ვიდეოს იღებდა. ხარშილაძის თქმითვე, ეს ვიდეო პოლიციის განყოფილებაში წაუშალეს, მის აღსადგენად კი უკვე მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

საიას იურისტის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, პოლიციელების მოქმედებასთან დაკავშირებით პროკურატურას 4 ივლისს მიმართეს, თუმცა, ამ დრომდე არ მიუღიათ ოფიციალური შეტყობინება გამოძიების დაწყების შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი