პროკურორი ზვიად გუბელაძე 25.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

პროკურორი: ფირცხალავა მამალაძეზე საუბრობდა გადმოცემით არსებულ ინფორმაციაზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაცვის მხარის მოწმის – ყოფილი პოლიციელის, ირაკლი ფარცხალავას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შესახებ პროკურატურა აცხადებს, რომ ამ მოწმის ჩვენება არადამაჯერებელია.

როგორც პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, ფირცხალავას ინფორმაცია, რაზეც სხდომაზე ისაუბრა, მესამე პირებისგან ჰქონდა მიღებული, დაცვის მხარეს კი კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს. პროკურორმა ეჭვქვეშ დააყენა ფირცხალავას, როგორც მოწმის სანდოობაც:

“თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ფირცხალავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, ასევე, სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, არ შეესაბამება რეალობას. ირაკლი ფირცხალავა საუბრობდა გადმოცემით არსებულ ინფორმაციაზე. ის არ ყოფილა კონკრეტული ფაქტის შემსწრე. ირაკლი ფირცხალავა არის მოწმე, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულა და არსებობს აერაერთი განაჩენი, სადაც მოსამართლე საუბრობს, რომ ირაკლი ფირცხალავა ყოველთვის სუბიექტურ მიმართულებას აძლევს ჩვენებას და მისი ჩვენება არც ერთმა მოსამართლემ დღევანდელ დღემდე არ გაიზიარა,” – ამბობს გუბელაძე.

პროკურორის თქმით, ფირცხალავას შესაძლოა პირადი მოტივი ჰქონდეს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსანი გასამართლებულია განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე იმავე უწყების მიერ, რომელიც გიორგი მამალაძის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას უჭერს მხარს.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ამის თაობაზე დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ფირცხალავამ დაასახელა მომღერალ თემურ თათარაშვილის, ტელეწამყვან გიო გაბუნიას დაკავების საქმეები, რომლებშიც ფიგურირებს ირაკლი მამალაძე. ვრცლად დაცვის მხარის განცხადება იხილეთ ამ ბმულზე.

დღეს დეკანოზ გიორიგ მამალაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა. პროცესი პარასკევს, 4 აგვისტოს გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი