ახალი ამბები

პრეზიდენტის შეთავაზება- ტრამპმა განიხილოს საქართველოს საკითხებში წარმომადგენლის დანიშვნა

1 აგვისტო, 2017 • 1876
პრეზიდენტის შეთავაზება- ტრამპმა განიხილოს საქართველოს საკითხებში წარმომადგენლის დანიშვნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრზიდენტ მაიკ პენსს გააცნო საკუთარი ინიციატივა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.

“პოლიტიკური კონსულტაციების არსებული ფორმატების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს შესთავაზა იდეა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს წინადადება საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო იღებს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიკეთისა და სტაბილურობის მომტანია,”- განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

გიორგი მარგველაშვილიმა დღეს, 31 ივლისს, ასევე მიმართა მრავალეროვანი სწავლების, “ღირსეული პარტნიორი 2017-ის” მონაწილეებს. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ დგანან, რათა დაიცვან გლობალური სტაბილურობა, რითიც აძლიერებენ ერთმანეთს და ინარჩუნებენ უსაფრთხოებას საერთო, ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისათვის.

“საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ევროპული განვითარების ისტორიულ საფუძველს წარმოადგენს. ეს ჩემი ქვეყნის ძველი, ისტორიული ფუნქციაა, იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი. ჩემი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო, იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ურთიერთობა და კავშირები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მაგრამ ამისათვის ჩვენი თავისუფლება უნდა იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მყარი მოწოდება, რომ აღნიშნული კედელი დაინგრეს. ჩვენ გვჭირდება ის სულისკვეთება, რომელმაც ცივი ომი დაასრულა, ისე როგორც ერთ-ერთმა გენერალმა ბრძანა -“უმაღლესი ხელოვნებაა მოიგო ომი ბრძოლის გარეშე”.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი მმართველობა, ძლიერი პოლიტიკა ერთიანი მიუღებლობის გაზავნილით, რათა თავიდან ავიცილოთ არასტაბილურობის ხანგრძლივი ერა. სხვაგვარად ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა მიუღწეველია. ბატონო ვიცეპრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი ძლიერი გზავნილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისათვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლი განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,ისევე როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდაჭერისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებსშორის არსებულ ძლიერ კავშირს. „ძალა ერთობაშია!“- აღნიშნულია საქართველოს გერბზე და მჯერა, რომ მივაღწევთ კეთილდღეობას ერთობით, ღირსეული პარტნიორობის იმ სხვადასხვა განზომილების გაღრმავებით, როგორიცაა დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული და ხალხებს შორის კავშირები, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, როგორც ჩვენი ქვეყნებისათვის, ასევე მთლიანი ევროატლანტიკური სივრცისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა წარმატებული იქნება, რათა შევქმნათ მომავალი თაობებისათვის უკეთესი მომავალი.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი მამაცი ჯარისკაცები და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერები!“ – განაცხადა გიორგი მარგელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი