Interviewsახალი ამბები

მხარეების განცხადებები ციანიდის საქმეში ბრალდების მთავარი მოწმის შესაძლო აგენტობაზე

1 აგვისტო, 2017 • 1823
მხარეების განცხადებები ციანიდის საქმეში ბრალდების მთავარი მოწმის შესაძლო აგენტობაზე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. “ციანიდის საქმეზე” დაცვის მხარის მოწმე, ირაკლი ფირცხალავა იკითხება, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდების მოწმე ირაკლი მამალაძე უსაფრთხოების სამსახურის აგენტია. პროკურატურა ამბობს, რომ მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მამალაძე აგენტი არასდროს ყოფილა. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საიდუმლოა და პროკურორებს მასზე საჯაროდ საუბარი ეკრძალებათ. ასევე ამბობენ, რომ მოწმემ დაასახელა პირები, რომლებიც მამალაძის ჩართულობით დააკავეს.

პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება, გამოითხოვეს მასალა და დაადგინეს, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე არასოდეს ყოფილა სპეცსამსახურების თანამშრომელი და ირაკლი ფირცხალავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

“გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ ირაკლი ფირცხალავა აკეთებდა ცრუ განცხადებებს და მის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოსდა ირაკლი მამალაძე არის აგენტი, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული დადასტურდა გამოძიებით და გამოძიების შედეგები წარვადგინეთ სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესაც დაერთო დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ფირცხალავა აკეთებდა ცრუ განცხადებებს. ის იტყუებოდა და ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით,” – ამბობს პროკურორი.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, პროკურატურის მიერ მოპოვებული დოკუმენტი სასამართლომ საიდუმლოდ გამოაცხადა და საიდუმლოს დაცვის ვალდებულება ორივე მხარეს დააკისრა, რაც პროკურორებმა არ გაითვალისწინეს. ასევე ფანცულაია აცხადებს, რომ კანონის თანახმად, აგენტების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად ბაზაში ასახვა არ არის აუცილებელი.

“ამ თემაზე ჩვენ კომენტარს ვერ ვაკეთებთ. ვერ ვსაუბრობთ დეტალებზე თქვენთან, რამდენიმე წუთში პროკურორები გამოვლენ და ისაუბრებენ თვითონ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. იმედია, სასამართლო ამაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, თუ ეს ყველაფერი დადგმული არ არის,” – ამბობს ფანცულაია.

დაკავებული დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი, მია ზოიძე ამბობს, რომ დაკითხვაზე ფირცხალავა დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, რომ მისი ინფორმაციით, საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე იყო აგენტი და მისი ჩართულობით საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი ადამიანი დააკავეს:

“მან დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, ვის საქმეებშიც მონაწილეობდა ირაკლი მამალაძე, როგორც აგენტი. საზოგადოებისთის ეს ადამიანები ცნობილი არიან,” – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, ფირცხალავას განცხადებით, ირაკლი მამალაძე ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მუშაობისას საკუთარი თანამშრომლების ფარულ ჩაწერასაც ახორციელებად:

“მოწმემ ისაუბრა იმაზეც, რომ ის ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მუშაობის დროს ფარულად იწერდა თავის თანამშრომლებს და ეს გახდა კიდევ მიზეზი იმის, რომ ამ ტელევიზიიდან ის გაუშვეს. დეტალურად აღწერა ფირცხალავამ, რა ვითარებაში შეიტყო ამის შესახებ, კონკრეტული სახელები და გვარებიც დაასახელა და თქვა, რომ ამის ამსახველი დისკებიც აქვს ნანახი,” – ამბობს ადვოკატი.

ზოიძის თქმით, დაცვის მხარე დეტალურად გამოკითხავს ფირცხალავას, რათა დაადასტუროს, რომ ბრალდების მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ე.წ. აგენტ-პროვოკატორია:

“ჩვენ დეტალურად გამოვკითხავთ ყველა იმ საკითხს, როდესაც ირაკლი მამალაძე იყო აგენტი, და რა ინფორმაცია აქვს. ჩვენი ვარაუდია, რომ მამა გიორგის შემთხვევაშიც ის იყო აგენტ-პროვოკატორი” – თქვა ადვოკატმა.

ზოიძის თქმით, ფირცხალავამ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დეკანოზის საქმეში ჩვენების მიცემას აპირებდა, მასზე დაიწყო ზეწოლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი