ახალი ამბები

მაიკ პენსი: როგორც ქართული ანდაზა ამბობს, “ძალა ერთობაშია”

1 აგვისტო, 2017 • 3092
მაიკ პენსი: როგორც ქართული ანდაზა ამბობს, “ძალა ერთობაშია”

ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა მან თბილისის აეროპორტში “ღირსეული პარტნიორის 2017”-ის ფარგლებში გამართა. პენსმა სიტყვით მიმართა ამერიკელ და ქართველ ჯარისკაცებს.

“დღეს ჩვენი აქ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამერიკა მარტო ამერიკას ნიშნავს. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პოზიციას, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს ვუთხრათ -თქვენს გვერდით ვდგავართ. გიჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებაში, რომ გაწევრიანდეთ გახდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

საქართველოს გააჩნია უდიდესი მემკვიდრეობა და კულტურა და ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ ვერ წაგართვათ თვითმყოფადობა, საქართველოს ხალხის ნებისყოფამ და კულტურამ დროს გაუძლო. საბჭოთა კავშირი ცდილობდა წაეშალა თქვენი ისტორია, ხელეყო თქვენი თვითმყოფადობა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თქვენ დაიბრუნეთ თავისუფლება, თავისუფალ ერებს მეგობრობის ხელი გაუწოდეთ და ამერიკამაც იმავეთი გიპასუხათ.

საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია, წლების მანძილზე საქართველო სტარტეგიული პარტნიორია აშშ-სთვის. ათასობით ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა ამერიკელებთან ერთად, ავღანეთში, კოსოვოში, ერაყში. ავღანეთში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. დღეს ჩვენ მოვიხსენიებთ 31 დაღუპულ ჯარისკაცს, რომელმაც სიცოცხლე დადო თავისუფლებისთვის. ამერიკელ ხალხს ახსოვს ეს მსხვერპლი. ისინი გმირები არიან და ისინი მუდმივად დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულში.

სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ერთობლივი წვრთნები აღნიშნულის ნათელი გამოხატულება გახლავთ. ეს საშუალებას აძლევს საქართველოს, თავი დაიცვას მომავალაში. გარწმუნებთ, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ მინდა ნათლად ვთქვა, პრეზიდენტი ტრამპი და აშშ ძლიერად უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი პასუხისმგებლობისთვის, ასეთი წვლილისთვის ეროვნული თავდაცვის გამყარების საკითხში.

საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. აშშ მკაცრად გმობს საქართველოს მიწა-წყლის ოკუპაციას. გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არც ერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრინციპი. პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაცია და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველომ მაქსიმალურად გააძლიეროს შესაძლებლობები, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ აგრესიას. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ პრეზიდენტი და კონგრესი ერთ აზრზე არიან, უკეთესი ურთიერთობები და სანქციების გაუქმება რუსეთისგან დესტაბილიზაციის შეჩერებას მოითხოვს, ახლა და არა ოდესღაც.

იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან უკეთესი დიპლომატიური ურთიერთობების ეტაპი დადგება, მაგრამ მოსკოვის ბოლო ნაბიჯები არ არის ამისკენ მიმართული. ეს ვერ შეარყევს ჩვენს თავისუფლებას და ვერც ერთი თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის პოზიციას, ისეთის, როგორც საქართველოა. ჩვენ გვერდში გიდგავართ იმიტომ, რომ როგორც ქართული ანდაზა ამბობს, “ძალა ერთობაშია”. შესაბამისდ, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ჩვენი რწმენა განმტკიცდება, თავისუფლების რწმენა”,- განაცხადა მაიკ პენსმა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვიდა. იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს. მაიკ პენსი საქართველოდან დღეს, 1 აგვისტოს მონტენეგროში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი