12256

ადვოკატი: ფირცხალავა სასამართლოში დაადასტურებს, რომ მამალაძე იყო აგენტ-პროვოკატორი

დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმე, ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. როგორც დაკავებული დეკანოზის ადვოკატი, გიორგი ფანცუალაია ამბობს, ე.წ. კორტების სპეცოპრეაციის საქმეში ბრალდებული ფირცხალავა სასამართლოში დაადასტურებს, რომ ბრალდების მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე მიგზავნილი მოწმეა:

„ირაკლი ფირცხალავას მიერ მიწოდებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ იქნება დადასტურება იმისა, რაც მტკიცებულებათა გამოკვლევისას კარგად ჩანს, რომ ირაკლი მამალაძე იყო აგენტ-პროვოკატორი,“ – ამბობს ფანცულაია.

დღეს სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული ვიდეო-აუდიოჩანაწერების განხილვა მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ ირაკლი მამალაძე ბრალდებულ დეკანოზს პროვოცირებას უწევს და ყოველი შეხვედრისას ციანიდზე საუბრის დაწყების ინიციატორი თავადაა:

„თითოეულ სიტყვაში ჩანს, რომ ყოველთვის დიალოგს აღნიშნულ ციანიდთან დაკავშირებით იწყებს ირაკლი მამალაძე, როგორც მიგზავნილი მოწმე. მოკვლევის ეტაპზე იკვეთება, რომ როდესაც ის ეკითხება [დეკანოზს], რაში სჭირდება მას ეს ნივთიერება, რაზეც ის [გიორგი მამალაძე] ხაზგასმით ამბობს, რომ მას ეს ნივთიერება არავის მიმართ არ სჭირდება“ – ამბობს ფანცულაია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი