კორნელი კაკაჩია © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

სიტუაცია ისე არ ვითარდება, როგორც ეს ტრამპს ან პუტინს წარმოედგინა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

“ბევრი ფიქრობდა, რომ ტრამპი გადატვირთვის პოლიტიკას აირჩევდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია ისეთი ლოგიკით არ ვითარდება, როგორც ეს მას თავად წარმოედგინა ადრე ან თუნდაც პუტინს”, – ამბობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას.

ამ ვიზიტს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისთვის ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ყველას გვახსოვს, რომ ტრამპის მიმართ აღმოსავლეთ ევროპაში გარკვეული  შიშები არსებობდა, რომლის მიხედვითაც მას შესაძლოა ე.წ. გადატვირთვა ორი წამოეწყო და რუსეთის მეზობელი ქვეყნების პრობლემები პრიორიტეტულად არ მიეჩნია.

ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ აშშ სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების მიტოვებას არ აპირებს, პირიქით… ამის თვალსაჩინო მაგალითია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ სანქციებს ხელს პრეზიდენტიც მოაწერს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ვიზიტი სამხედრო წვრთნებს ემთხვევა, რომელსაც აშშ, საქართველო და სხვა პარტნიორები ერთობლივად მართავენ ქვეყანაში. ესეც გზავნილია მოსკოვისთვის – მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი არაა, საქართველო კვლავაც რჩება შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების სფეროში.

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია რუსეთთან მიმართებაში ტრამპის და მისი გუნდის რიტორიკის ცვლილება?

რეალობის შეფასებამ.  ტრამპს, როგორც ჩანს, შედარებით იდეალისტური მოლოდინები ჰქონდა, რომ აშშ – რუსეთის ურთიერთობები ადვილად მოგვარებადი იყო, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა და მან დაინახა, რომ ეს რთული საკითხია, რომელიც ადვილად არ წყდება. ასევე აშშ-ის პოლიტიკური სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, მხოლოდ პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკურ საკითხებს ვერ წყვეტს, ეს კარგად გამოჩნდა კონგრესში, სადაც ძალიან ბევრი შეკითხვა დაისმის  რუსეთთან ტრამპის დამოკიდებულების შესახებ. ეს კვლევა დღემდე მიმდინარეობს. ის მიხვდა, რომ მხოლოდ თვითონ ვერ იქნება. ის არ არის სულთანის ტიპის პრეზიდენტი, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს უამრავ საკითხს. არ უნდა დაგვავიწყდეს მისი გარემოცვაც, რომელიც იცვლება. თანამდებობებზე მივიდნენ ადამიანები, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცესა და რუსეთის საგარეო პოლიტიკას ძალიან კარგად იცნობენ. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა მას მისცა საშუალება, რომ უფრო ფხიზლად შეეხედა რუსეთის პოლიტიკისთვის.

მე ვერ ვიტყვი, რომ უკვე ბოლომდე  ჩანს, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ტრამპის ადმინსიტრაცია თუნდაც მოსკოვთან დაკავშირებით, ჯერ ამის კონტურები იკვეთება მხოლოდ. მაგალითად, სანქციები სრულიად მოულოდნელი იყო.  ბევრი ფიქრობდა, რომ ტრამპი გადატვირთვის პოლიტიკას აირჩევდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია ისეთი ლოგიკით არ ვითარდება, როგორც ეს მას თავად წარმოედგინა ადრე, ან თუნდაც პუტინს. უკვე ჩანს ისიც, რომ ორივე მხარე ამით გაწბილებულია.

თუ დავაკვირდებით მოსკოვსა და ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებებს, ჩანს, რომ ბოლომდე ხიდებს არ წვავენ. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა საკმაოდ გამწვავდა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საელჩოში დიპლომატიური კორპუსის რაოდენობა შეუკვეთა და ა.შ. როგორც ჩანს, მაინც ორივე მხარეს აქვს იმედი, რომ რომელიმე მათგანი  საკუთარ პოზიციებს შეცვლის იმავე ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ აშშ ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის პოზიციებს იმავე საქართველოს რეგიონთან დაკავშირებით?

საქართველოსთვის  ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აშშ-ის პოლიტიკის ასეთი სწრაფი ცვლილება რეგიონში საქართველოსთვის საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა. ამის გამოცდილება უკვე არსებობს, როდესაც ობამას ადმინისტრაცია მოვიდა, დაიწყო გადატვირთვა რუსეთთან და საქართველო გარკვეული პერიოდი იზოლაციაში აღმოჩნდა.

დღეს შეგიძლიათ თქვათ, რომ საქართველო აშშ-ის ორბიტაზე დაბრუნებულია?

სტარტი დამაიმედებელია, საქართველოს საგანგაშო არაფერი აქვს. მაგრამ იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად წარმოჩინდეს, თუ რას აპირებს აშშ საქართველოსთან და აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში, ალბათ, გარკვეული დროა საჭირო. ადმინისტრაცია ბოლომდე უნდა  ჩამოყალიბდეს და გამოიკვეთოს კონკრეტული პოლიტიკები, რომელსაც ის საქართველოსთან მიმართებაში განახორციელებს.

ჩემი აზრით, საზომი რამდენიმეა: ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ მნიშვნელოვნად შეუკვეცოს დაფინანსება სახელმწიფო დეპარტამენტს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ შეეხება ეს საქართველოს. ეს იქნება ლაკმუსის ერთ-ერთი ქაღალდი  და გამოჩნდება, რამდენად მნიშვნელოვანია ტრამპის ადმინისტრაციისათვის საქართველოს თემა. იმედია, რომ გადახედავს ადმინისტრაცია თავის შეხედულებებს, თუმცა მესმის, რომ რთულია, რადგან ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია და ყველას აქვს გარკვეული გამოწვევები.

ასევე, გააღრმავებს თუ არა თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. მიყიდის თუ არა უკრაინასა და საქართველოს იარაღს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ეს იოლი საკითხი არ არის. როგორი პოზიცია ექნება ამაზე ახალ ადმინისტრაციას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება თუ არა აშშ ინიციატორი საქართველოსთვის მაპის მიცემის საკითხის გააქტიურებაში. მას აქვს რესურსი, რომ დიპლომატიური ზეგავლენა მოახდინოს ალიანსის სხვა წევრებზე და ეს თემა გააცოცხლოს.

ეს ის საკითხებია, რომელზე პასუხებიც გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

დიდ გარღვევებს, ჩემი აზრით, არ უნდა ველოდოთ, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არა მოკავშირეები, არამედ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ეს არ აძლევს აშშ-ს საშუალებას, რომ უფრო ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს. დღეს, როდესაც პენსს ჰკითხეს, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში რა იქნება შეერთებული შტატების პასუხიო, ბუნებრივია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთვის რაიმე ვალდებულებებს არ წარმოშობს. ის კი არა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებშიც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები იმავე ნატოს მე-5 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანობაში გლობალურად მიმდინარე დებატებს ასახავს და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება და დალაგდება ურთიერთობები ალიანსელ მოკავშირეებს შორის. ამას საქართველოზეც ექნება გავლენა.

ნატოს არაწევრი უმთავრესი მოკავშირის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის იქნებოდა თუ არა ერთგვარი გამოსავალი ამ ეტაპზე?

ეს სტატუსი უფრო პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენს მდგომარეობას არ ცვლის. ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი. ნატოს წევრობამდე, აშშ-ის სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გამოინახოს სხვა საშუალებები. საუბარია ორმხრივ ურთიერთობებზე ვაშინგტონსა და თბილისს შორის, რომელიც პრინციპში უკვე დაწყებულია წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით. წვრთნები საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც კი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ტექნიკა აქედან გავა, საქართველო ისევე მარტო რჩება რუსეთის საფრთხის წინაშე. ამიტომ მნიშვნელოვანია მოინახოს გარკვეული ალტერნატიული სქემები, რომლებიც მათ შორის საქართველოს მთავრობის მხრიდანაც არის გაჟღერებული სხვადასხვა დროს. ამერიკული ბაზა თუ არა, მობილური ჯგუფები მაინც, ისე, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებშია, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო კონტინგენტი შევიდა. ესეც შეიძლება იყოს ალტერნატივა. ანუ მხოლოდ ამ წვრთნებს კი არ უნდა დაელოდოს საქართველო, არამედ ეცადოს ახალი სქემების შემუშავებას, რათა რუსეთმა იგრძნოს. ამ მხრივ ქართული მხარე უფრო აქტიური უნდა იყოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com