ახალი ამბები

ბაქრაძე: პენსის მესიჯი მკაფიოა-აშშ აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას

1 აგვისტო, 2017 • 10446
ბაქრაძე: პენსის მესიჯი მკაფიოა-აშშ აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისს გუშინ, 31 ივლისს ეწვია, დღეს დილით შეხვდა ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს: ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას, ევროპული საქართველოს ლიდერ დავით ბაქრაძეს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერ შალვა შავგულიძეს და “შენების მოძრაობის” ლიდერ დავით უსუფაშვილს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ ისაუბრა, თუ რა საკითხები განიხილეს პენსთან დახურულ შეხვედრაზე:

“ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს, მის უსაფრთხოებას და ამ კონტექსტში ვიცეპრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა შიდა დემოკრატიასაც.

“საქართველო იქნება წარმატებული მაშინ, როცა ის იქნება დემოკრატიული”, – განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ოპოზიციის დევნა, დაუსჯელი ძალადობა, არაფორმალური მმართველობა, საკონსტიტუციო ცვლილებები.

ბაქრაძის თქმით, ვიცეპრეზიდენტის მხრიდან ჯერ ოპოზიციასთან შეხვედრა და შემდეგ ოფიციალური შეხვედრების გამართვა არის იმის სიგნალი, რომ  ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პენსი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა პრემიერთან პირისპირ შეხვედრისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი