ახალი ამბები

მელია: მაიკ პენსთან ვისაუბრე სააკაშვილზე და, ბუნებრივია, შეძრწუნებულია ადამიანი

1 აგვისტო, 2017 • 1901
მელია: მაიკ პენსთან ვისაუბრე სააკაშვილზე და, ბუნებრივია, შეძრწუნებულია ადამიანი

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისს გუშინ, 31 ივლისს ეწვია, დღეს დილით შეხვდა ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს: ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას, ევროპული საქართველოს ლიდერ დავით ბაქრაძეს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერ შალვა შავგულიძეს და “შენების მოძრაობის” ლიდერ დავით უსუფაშვილს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მაიკ პენსთან საკონსტიტუციო ცვლილებების, ქვეყნის უსაფრთხოების და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა:

“პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, იმაზე პროდუქტიული, ვიდრე წარმომედგინა. აშშ-ის მხარდაჭერა არის 100 %-იანი, ახლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე. ხელისუფლებამ უნდა აგრძნობინოს აშშ-ს, რომ ისიც 100%-ით მზადაა ითანამშრომლოს აშშ-თან და იყოს სტრატეგიული პარტნიორი.

ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ერთპარტიული გადაწყვეტილებაა მიღებული და “ქართული ოცნება” იზოლაციაშია და მხოლოდ მას სურს მიიღოს ეს საკონსტიტუციო ცვლილება. საუბარი იყო ასევე უსაფრთხოებაზე, ეს უმნიშვნელოვანესი და ძალიან მტკივნეული საკითხია. ვისაუბრეთ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სოციალურ უსაფრთხოებაზე”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც:

“გვქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ცალკე აღებულ ადამიანზე, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ამ ქვეყანაში და სახელმწიფო აქცია წარმატებულ სახელმწიფოდ. ზოგადად ის, რომ ხელისუფლება დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს საამისოდ, ამის შესახებაც გვქონდა საუბარი”- განაცხადა მელიამ.

შეკითხვაზე, რა პასუხი მოისმინა მაიკ პენსისგან, მელიამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ დაიტოვებს უფლებას, ამის შესახებ მეტი არ ისაუბროს, თუმცა მაინც დაამატა, რომ “ბუნებრივია, შეძრწუნებულია ადამიანი, როდესაც იდევნება ქვეყნის პრეზიდენტი და ადგილი აქვს, მაგალითად, შურისძიებას”.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პენსი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა პრემიერთან პირისპირ შეხვედრისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი