39386

თეა სირაძე ირმა ინაშვილმა ვიცესპიკერის აპარატში დაასაქმა

ყოფილი პატიმარი თეა სირაძე, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თითქმის 8 წელი გაატარა და რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა, პარლამენტში, ვიცესპიკერ ირმა ინაშილის აპარატში დაიწყებს მუშაობას.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ სირაძეს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა 13 წლით ჰქონდა მისჯილი, ეს სამსახური თავად შესთავაზა და ინაშვილის თანაშემწე იქნება პატიმრების უფლებების დაცვის საკითხში:

“თეა სირაძეს როდესაც მე შევხვდი საპატიმროში, შევთავაზე, როდესაც ის გათავისუფლდებოდა, ემუშავა ჩემთან, ჩემს თანაშემწედ პატიმრების უფლებების დაცვის საკითხებში. მაშინ ეს შეთავაზება ჟღერდა ძალიან იდეალისტურად იმიტომ, რომ თეა არ იყო შეწყალებული, იხდიდა სასჯელს საპატიმროში და ჯერ კიდევ არ ჰქონდა განაცხადი წარდგენილი მორიგ შეწყალებაზე. ჩვენ ასე დავშორდით ერთმანეთს. შემდეგ გავიდა თვეები, პრეზიდენტმა შეიწყალა თეა სირაძე და იმავე დღეს მე ეს ჩემი შეთავაზება გავიხსენე და თეას კიდევ ერთხელ, საჯაროდ შევთავაზე დაეწყო მუშაობა ჩვენს აპარატში,” – ამბობს ინაშვილი.

მისი თქმით, თეა სირაძე ამ თანამდებობისთვის იმიტომ შეარჩია, რომ 4 შვილის დედაა, მას კარგად ახასათებს საპატიმროს ხელმძღვანელობა და კარგად იცნობს პატიმრების პრობლემებს:

“გადავწყვიტე იმიტომ, რომ თეა სირაძე არის 4 შვილის დედა. არის წარმატებული სპორტსმენი. წლების გნამავლობაში ის იყო მწვრთნელი და 85-ზე მეტ ბავშვს ავარჯიშებდა. არის ძალიან წესიერი ადამიანი, ძალიან დადებითად ახასიათებს მას რუსთავის ქალთა კოლონიის ხელმძღვანელობა, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. მე ვესაუბრე მათ, მქონდა გავლილი კონსულტაცია და შეფასება მათი იყო ძალიან დადებითი თეასთან მიმართებით.

ის არის ძალიან აქტიური ადამიანი და მინდოდა  სწორედ ამ ადამიანისთვის მიმენიჭებინა ფუნქცია. უამრავი წერილი ვიცესპიკერის, ჩემს სახელზე მოდის საპატიმროებიდან. მე ნამდვილად  მჭირდება ამ მიმართულებით კომპეტენტური ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს პატიმრების პრობლემებს, გულთან ახლოს მიიტანს ამ თემატიკას, დაეხმარება მათ და ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით,” – ამბობს ირმა ინაშვილი.

თეა სირაძის შეწყალების მოთხოვნით ბოლო პერიოდში ქვეყანაში არაერთი პეტიცია მომზადდა და აქცია გაიმართა. სირაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა თითქმის 8 წელიწადი.

თეა სირაძეს პატიმრობას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის იხდიდა, მათ შორის არის თაღლითობა, გამოძალვა და ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თუმცა თვითონ მსჯავრდებული, ინდოეთის მოქალაქეების ცემის გარდა, სხვა მუხლებით წარდგენილ ყველა ბრალს უარყოფდა.

ვრცლად თეა სირაძის ბრალის შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის ეს სტატია: უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა თეა სირაძე?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი