ახალი ამბებიტექნოლოგიები

ხანძართან ბრძოლის ისტორია და მნიშვნელოვანი გამოგონებები

2 აგვისტო, 2017 • 6244
ხანძართან ბრძოლის ისტორია და მნიშვნელოვანი გამოგონებები

ხანძართან ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სახანძრო სასიგნალო სისტემა და კვამლის დეტექტორები წლებია გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უამრავ ადამიანს დამონტაჟებული აქვს ეს მოწყობილობები უსაფრთხო ცხოვრებისთვის სახლებში, სამსახურებში და სხვა შენობებში და ამ გზით იქმნიან მშვიდი ცხოვრების გარანტიას. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ყოვეწლიურად ვითარდება უსაფრთხოების გზები და ევაკუაციის მეთოდები. საინტერესოა, როგორი გზა გაიარა ხანძრისგან დამცავმა სისტემებმა დღემდე და რა მნიშვნელოვანი გამოგონებები არსებობს დღეს ხანძართან საბრძოლველად.

მეჩვიდმეტე საუკუნიდან  ნიუ იორკში სხვადასხვა ადგილზე განაწილებული ადამიანები აკონტროლებდნენ ხანძარს, მათი მოვალეობა ხანძრის აღმოჩენა და შესაბამისი ზომების მიღება იყო. ისინი ზარების, სასტვენების და სამრეკლოების საშუალებით გადასცემდნენ ინფორმაციას საზოგადოებას და ერთობლივად იღებდნენ საჭირო ზომებს ცეცხლის ჩასაქრობად. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ეს დანერგილი მეთოდი უფრო და უფრო არაპრაქტიკული გახდა.

სახანძრო სასიგნალო სისტემის გამოყენება აქტიურად მეოცე საუკუნეში დაიწყეს. დღევანდელი ხანძრის სასიგნალო მექანიზმები არ საჭიროების ადამიანების, ტელეგრაფების და კაბელების ჩარევას, მასში გამოყენებულია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა რადიოსისტემა, ციფრული კომუნიკატორები და გადამცემები, რათა დაუკავშირდნენ სახანძროს უფრო მარტივად და ეფექტურად.

სახანძრო სასიგნალო სისტემებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია კვამლის დეტექტორები, რომლებიც მეოცე საუკუნეში გამოჩნდა. დღესდღეობით დეტექტორები СD დისკის ფორმისაა და სისქით 3 სანტიმეტრამდეა, ხოლო დეტექტორის დიამეტრი დაახლოებით 15 სანტიმეტრია.

კვამლის დეტექტორი შვეიცარიელმა ფიზიკოსმა, უოლტერ იეგერმა გამოიგონა გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში. ის ამზადებდა მოწყობილობას, რომელიც დაადგენდა მომწამვლელი გაზის არსებობას ჰაერში, მაგრამ როგორც კი სიგარეტს მოუკიდა, აღმოჩნდა რომ სულ სხვა გამოგონებასთან ჰქონდა საქმე. მოწყობილობა იმ წლებში ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ დიდი პოპულარულობა ვერ მოიპოვა, მაგრამ მოგვიანებით მოხერხდა იაფი მოდელების დამზადება და თითქმის ყველა სახლში დამონტაჟდა. 80-იან წლებში შეერთებულ შტატებში ოფიციალურად შევიდა კანონში  მოთხოვნა, რომ ყველა სახლში დამონტაჟებულიყო კვამლის დეტექტორები და მომდევნო წლების გამოკითხვის შედეგად უკვე აღმოჩნდა, რომ 92 %-ი  შენობებისა ამერიკაში აღჭურვილი იყო ხანძრის დეტექტორებით. დღესდღეობით ამერიკაში რთულად იპოვით სახლს კვამლის დეტექტორის გარეშე.

სამი მნიშვნელოვანი და საინტერესო ხანძარსაწინააღმდეგო გამოგონება:

Skysaver-ის ბაგირი მაღალი შენობებიდან უსაფრთხო დაშვებისთვის

skysaver-3

ფოტო: blessthisstuff.com

წარმოიდგინეთ, ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსში, გადარჩენის შანსი კი მინიმალურია, კიბეები კვამლით არის სავსე და შეუძლებელია თავი დააღწიო შენობას, არ არსებობს საევაკუაციო კიბე, შენობაში დარჩენა და მაშველების ლოდინი კი ძალიან სარისკოა, როგორ წარმოგიდგენიათ, არსებობს ასეთ შემთხვევაში გადარჩენის შანსი ?

ზუსტად ამ პრობლემაზე იფიქრა ებრაულმა კომპანია Moseroth-მა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაამზადა სპეციალური ფოლადის ბაგირი ხანძრის შემთხვევაში მაღალსართულიანი შენობიდან უსაფრთხო დაშვებისთვის. მოწყობილობის გამოყენებით შესაძლოა წუთნახევარში დააღწიო თავი საშიშ შენობას.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, შეი მარინის თქმით, მოწყობილობაზე მუშაობისკენ კომპანიას თერთმეტი სექტემბრის ტერაქტმა უბიძგა, ზუსტად იმ წლებში გააცნობიერეს, რომ საჭირო იყო მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავდა მაღალსართულიან შენობაში მყოფ ადამიანებს.

SkySaver-ი ძალიან მარტივი პრინციპით მუშაობს, ბაგირის ერთი ნაწილი მიმაგრებულია კედელზე, ხოლო მეორე ნაწილი სპეციალურ ჩანთაზე.   ხანძრის შემთხვევაში საჭიროა გაიკეთოთ ჩანთა და შეიკრათ სპეციალური ღვედი, რომელიც დაგაკავშირებს ფოლადის ბაგირთან,  ხოლო ამის შემდეგ უნდა დაეშვათ ფანრჯიდან. Skysaver-ი გრძნობს ადამიანის წონას და წონის შესაბამისად ავითარებს დაშვების სიჩქარეს. დაშვების სიჩქარე არც ერთ შემთხვევაში არ არის ძალიან სწრაფი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უსაფრთხო დაშვებას მიწაზე. სპეციალური ბაგირი მაღალი ტექნოლოგიებით არის დამზადებული და მისი დაზიანების შანსი ნულს უტოლდება.

მოწყობილობის გამოყენება ორ ადამიანსაც შეუძლია ერთდროულად და ის არ არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. არსებობს ორი სახის პროდუქტი, ერთი სახლებისთვის და მეორე ოფისებისთვის. Skysaver-ი არის იდეალური მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებისთვისაც.

მოწყობილობის შეძენა ამაზონის საიტზეა შესაძლებელი და მისი ფასი 999 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

NEST – მეგობრული თერმოსტატი

nest-protect1

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალ შენობაში უკვე არსებობს კვამლის დეტექტორები, გამოკვლევები აჩვენებს, რომ ძალიან ბევრი მათგანი გაუმართავია, ადამიანები არ ელოდებიან საფრთხეს და არ თვლიან საჭიროდ მოწყობილობები ძილის წინ ან სახლიდან გასვლამდე შეამოწმონ, ამის გამო iPod დამაარსებელმა 2010 წლიდან დაიწყო მუშაობა ახალ ინოვაციურ კვამლის დეტექტორზე, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებას არის მორგებული.

შემქმნელს იდეა მაშინ მოუვიდა, როცა საკუთარი სახლის აშენების დროს გააცნობიერა, რომ აქამდე არსებული დეტექტორები ერთმანეთს გავდა და სიახლე ამ მხრივ დიდი ხანი აღარ ყოფილა. გარდა იმისა რომ მოწყობილობას შეუძლია იგრძნოს ნახშირბადის მონოქსიდი და გადმოგცეს ხმოვანი შეტყობინებები სმარტფონის, ტაბლეტის და ლეპტოპის საშულებით, NEST-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია  ყოველ საღამოს ხმოვანი შეტყობინების შედეგად მოგცეს ინფორმაცია, რამდენად გამართულია სისტემა, არის თუ არა დასამუხტი მოწყობილობა და ასე შემდეგ. მოწყობილობა მარტივი მექანიზმით საშუალებით გესაუბრება, გაძლევს ინფორმაციას და არასოდეს გაძლევს ყურადღების მოდუნების საშუალებას.

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ დეტექტორების უმეტესობა მოქმედებს მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებზე, ბავშვების ღრმა ძილის დაფრთხობა კი ძალიან რთულია, ისინი ძირითადად დედის ან მამის ხმაზე რეაგირებენ, NEST-ის საშუალებით შესაძლებელია მშობლის ხმის ჩაწერა და ბავშვის გაღვიძება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლში არც ერთი მშობელი არ იმყოფება.

მოწყობილობას გარდა ამ ფუნქციებისა,  შეუძლია განათების ფუნქციაც შეითავსოს, ის გრძნობს სიბნელეში მოსიარულე ადამიანის ნაბიჯებს და ანათებს გზას. NEST-ის შეძენა ამაზონის და NEST-ის ოფიციალურ გვერდზე შეიძლება, მისი ფასი 99 ევროს შეადგენს. კომპანია მუდმივად ვითარდება და უკვე დაემატა სხვა მოწყობილობები სახლებისთვის.

17 წლის თინეიჯერის გამოგონება მეხანძრეებისთვის

001-downloadedfile

ფოტო: digitaltrends.com

ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტად, რომლებსაც უწევთ ხანძარს გადაურჩნენ, არანაკლებ დიდი რისკის გაწევა უწევთ მეხანძრეებს, რომლებიც სხვების სიცოცხლის გადარჩენისთვის საკუთარ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში, სწორედ ამ თემაზე იფიქრა 17 წლის პოლ ჰიმანმა, რომელმაც გამოიგონა ახალი მოწყობილობა, რომელიც დაეხმარება მეხანძრეებს კვამლში დაინახონ და აღიქვან საგნები.

17 წლის პოლ ჰიმანი ნიუ-იორკიდან მოხალისედ მუშაობდა ადგილობრივ სახანძროში. მოხალისეობრივი საქმიანობის დროს მოუწია უამრავ წინააღმდეგობებთან შეჯახება, რამაც საბოლოოდ უბიძგა გამოეგონებინა სათვალე, რომელიც საშუალებას მისცემდა მეხანძრეს დაენახა კვამლის დროს.

მისი გამოგონების შედეგად, მეხანძრის ჩაფხუტში დამონტაჟდება სპეციალური ინფრაწითელი კამერა, რომელიც  საშუალებას მისცემს მეხანძრეებს გაარჩიონ საგნები. კამერა წარმოადგენს ღამის მხედველობის სათვალის გაუმჯობესებულ ვერსიას.

პოლის იდეა ბევრმა მოიწონა და ზუსტად ამ იდეის წყალობით მოიპოვა ოთხწლიანი სტიპენდია ამერიკის ერთ-ერთ წამყვან, Сlarckson-ის უნივერსიტეტში, პოლს ასევე გამოეყო სპეციალური ადგილი, სადაც შეძლებს მისი ინოვაციური იდეების სრულყოფას. პოლი სამომავლოდ ფიქრობს, რომ დაარსოს კომპანია, რომელიც ეცდება ხანძარსაწინააღმდეგო ინოვაციების შექმნას.

ახალი რეგლამენტი საქართველოში

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ახალი ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.  რეგლამენტი ითვალისწინებს მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასის შენობების უსაფრთხოების სისტემების, უფრო ზუსტად კი – სახანძრო უსაფრთხოების დაცვას. მისი საშუალებით მშენებლებს, მაკონტროლებლებს და ნებართვის გამცემებს დაეკისრებათ ვალდებულება დაგეგმონ შენობა ისე, რომ საგანგებო შემთხვევის დროს მაქსიმალურად იქნას შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება დაცული; რეგლამენტი ასევე ითვალისწინებს შშმ პირებისთვის შენობის სპეციალურ დაგეგმარებას;  ეს უკავშირდება ასევე ფასადებს, შენობების განთავსებას და ასე შემდეგ.

რეგლამენტი არ ითვალისწინებს მიმდინარე ან აქამდე აშენებული შენობების უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მაგრამ, როგორც „ბათუმელებთან“ მიცემულ ინტერვიუში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ ძნელაძემ აღნიშნა, შეიძლება ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.


რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი