ახალი ამბები

5 უფასო სასადილოს საქმიანობა შეუჩერეს ჯანმრთელობისთვის საშიში დარღვევების გამო

31 ივლისი, 2017 • 3154
5 უფასო სასადილოს საქმიანობა შეუჩერეს ჯანმრთელობისთვის საშიში დარღვევების გამო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისთვის საშიში დარღვევების გამო 5 უფასო სასადილო დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს განცხადებით, 5 კომპანია:”ილი ჯგუფი”, “ნილი”, “თამაზ სიხარულიძე”, “თამარ ჭურაძე” და “ჩიხურა”, თითოეული 1000 ლარით დააჯარიმა, რადგან მონიტორინგის დროს მათ კრიტიკული დარღვევები ჰქონდათ.

სააგენტოს განმარტებით, ეს დარღვევები შეეხებოდა ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვასა და დეზინფექციის ჩატარებას კვების ბლოკში.

სააგენტოში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ ეს დარღვევები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სააგენტოს განმარტებით, წელს 76 კონტროლი განხორციელდა, რაც გულისხმობს დოკუმენტების შემოწმებასა და ინსპექტირებას. შემოწმების დროს ასევე აიღეს საკვების 8 ნიმუში და მათი შესწავლისას დარღვევა არ აღმოჩენილა.

სააგენტომ ეს კომპანიები 2017 წლის ივნისის თვეში დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია პარტიამ “ახალი საქართველო” გაასაჯაროა.

პარტიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მას შემდეგ დაინტერესდა , რაც პარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს უფასო სასადილოების მონიტორინგი.

ვაშაძის თქმით, სააგენტოს მონიტორინგიც ადასტურებს, რომ უფასო სასადილოებში საკვები სიცოცხლისთვის საშიშია.

“საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება უფასო სასადილოებში, სიცოცხლისთვის საშიშია, ეს არის კიდევ ერთი საგანგაშო ფაქტი, რომელიც გამოვლინდა უფასო სასადილოებთან დაკავშირებით”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს არის კორუფციული სქემა, რომელიც ააწყო თბილისის მერიამ, რადგან ამ კომპანიების საქმიანობით მერია არ ინტერესდება.

ვაშაძის თქმით, პარტიის სოციალური სამსახურის ჯგუფი აპრილის თვიდან მუდმივად აკონტროლებს უფასო სასადილოებს.

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა დგას საფრთხის ქვეშ.

თეონა ჭალიძის განცხადებით, სასადილოები, რომლებიც დააჯარიმეს, მდებარეობენ ლილოს დასახლებაში, დიდ დიღომში, გლდანსა და ისანში.

ჭალიძის თქმით, ამ კომპანიებმა ბიუჯეტიდან მიიღეს 28 მილიონ ლარზე მეტი.

სოციალურმა სამსახურმა შეისწავლა 763 ოქმი, რომლებიც გამგეობების თანამშრომლებმა შეადგინეს უფასო სასადილოების მონიტორინგის დროს და გამოიკვეთა, რომ ეს ოქმები არის ერთმანეთისგან გადაკოპირებული, ამბობს თეონა ჭალიძე.

“მათში არაა ასახული, რომ უკმაყოფილო მოქალაქეები არსებობენ, რომ საკვების ხარისხი დაბალია და უვარგისია, არაა აღწერილი, თუ რამდენ ბენეფიციარს მიაქვს მხოლოდ პური და არა მთლიანი ულუფა, ესაა მიზანმიმართული ქმედებებები”, – ამბობს ჭალიძე.

ახალ საქართველოში აცხადებენ, რომ თბილისის მერიის აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ეს ოქმები და ის 50-მა საჯარო მოხელემ, რომლებმაც ეს ოქმები შეადგინეს, პასუხი აგონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი