ვახტანგ მჭედლიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მჭედლიშვილი: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომის ჩანაწერი გაანადგურა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ საბჭომ გაანადგურა 24 ივლისის სხდომის ჩანაწერი. იგი შიშობს, რომ ჩანაწერი შესაძლოა გაყალბებული იყოს.

ვახტანგ მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს სხდომა მნიშვნელოვან დარღვევებით წარიმართა:

“იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გამოტანილ იქნა მრავალი საკითხი, რომელიც მანამდე დღის წესრიგში არ იყო. მეორე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა პროექტი, რომელიც კენჭისყრის დროს და გადაწყვეტილების მიღების დროს შეცვლილი იქნა სხვა პროექტით, რომელიც აბსოლუტურად სხვა სამართლებრივ შედეგებს იწვევდა. მესამე –  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრთა მოთხოვნა, გადადებულიყო ამ საკითხების განხილვა, არ იქნა გაზიარებული. და მეოთხე  – განადგურდა აღნიშნული საბჭოს სხდომის ოქმის ვიდეოჩანაწერი. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ჩანაწერი გაყალბდა,”- განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მან მოუწოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და საბჭოს ახლად არჩეულ მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, რომ შეეწყვიტათ მსგავსი მანკიერი პრაქტიკა.

24 ივლისის სხდომაზე განვითარებული მოვლენები გააკრიტკა კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”. მათ 26 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში განაცხადეს, რომ დღის წესრიგით საერთოდ არ ყოფილა გათვალისიწნებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წევრის, გიორგი ებანოიძის გადაყენება. მათივე განცხადებით, საბჭომ ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და კანნონს გვერდი აუარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი