ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთზე ზეწოლას აძლიერებს

31 ივლისი, 2017 • 6769
რუსეთი აფხაზეთზე ზეწოლას აძლიერებს

გასული კვირის მთავარი მოვლენა აფხაზეთში უპირობოდ გახდა აფხაზეთის პარლამენტის მიერ რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფკაცია შინაგან საქმეთა ორგანოების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ. რუსეთს თითქმის სამი წელიწადი დასჭირდა, მისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება რომ გაეტანა. რეალურ ან მოჩვენებით ვაჭრობას წლები დასჭირდა, რომლის განმავლობაშიც ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა 400-დან 20-მდე შემცირდა. ამას აფხაზი მომლაპარაკებლები დიდ მიღწევად მიიჩნევენ და დაუღალავად იმეორებენ, რომ ეს შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად სჭირდება აფხაზეთს და არა რუსეთს. აბა რა, მხოლოდ დიპლომატიური სტატუსის მქონე ათიოდე რუსი პირი აკლდა დანაშაულთან რეალურ ბრძოლას.

თუ როგორ იმუშავებს აფხაზეთში საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი, ამის თაობაზე მარჩიელობას აზრი არ აქვს –  მალე ამას პრაქტიკაში ვიხილავთ. ერთი კი აშკარაა: “რუსულ-აფხაზური” შეთანხმება ცენტრის შექმნას ითვალისწინებს აფხაზეთში [არა რუსეთში], სადაც დელეგირებული იქნებიან რუსი ძალოვნები [და არა აფხაზები რუსეთში], რომელთაც აფხაზეთში განსაკუთრებული უფლებამოსილებები ექნებათ. მაშ, ურთიერთობების რა სიმეტრიაზეღაა საუბარი!

დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვაა, იქნება თუ არა რაიმე წინააღმდეგობა აფხაზური მხრიდან, თუკი რუსეთი, რასაც ბევრი ვარაუდობს, შეეცდება მთლიანად დაიქვემდებაროს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები?

მრავალი წლის განმავლობაში რუსეთისგან დამოუკიდებელობის პირობითი შენარჩუნებისთვის აფხაზეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა. თავად რაულ ხაჯიმბა, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, არაერთხელ ყოფილა რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ არსებული პროტესტის ინიციატორი, იქნებოდა ეს აიბგას თუ შელფის ნავთობის საკითხი. თუმცა ის დრო წარსულს ჩაბარდა. ყოფილი ოპოზიციონერები დღეს მოურიდებლად მიჰყვებიან კრემლის “კეთილშობილურ” მოტივებს.

ახალი ოპოზიცია კი, როგორც ჩანს, შავი ჭირივით უფრთხის ანტირუსულ იარლიყს. აფხაზეთში დაბრუნებულმა ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა, მისმა ყოფილმა პროტეჟემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ და სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგ შენიშვნების გამოთქმის შემდეგ, სახელისუფლებო დეპუტატებთან ერთად, საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას მხარი მაინც დაუჭირეს.

ამ საკითხში მცირე წინააღმდეგობას უწევს ცალკე მდგარი პარტია აინარი. მისი წევრების როლი დიდი იყო, ხაჯიმბა რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. თუმცა დღეს პარტია მკვეთრად გამოხატულ ოპოზიციაშია. აინარი ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც შეეცადა ხალხი საპროტესტო აქციაზე გაეყვანა საინფორმაციო-საკოორდიონაციო შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ. თუმცა ყველაფერი მათთვის ცუდად დამთავრდა – აქციაზე ფაქტიურად არავინ მისულა. აინარის რეპუტაციაზე დიდი დარტყმა იქონია არასრულწლოვანი-აუტისტი გოგოს გაუპატიურებასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა, რომლის სავარაუდო მონაწილე პარტია აინარის წევრის, ალმას ჯაპუას ძმაა [ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა პარტია დატოვა]. თუმცა ამ ორგანიზაციის მარგინალიზება უფრო ადრე დაიწყო და ამაში დამნაშავე პარტიის წევრები არ ყოფილან. აინარელები არაერთხელ გამხდარან უძლეველი აფხაზი ანონიმური მომხმარებლების თავდასხმის ობიექტები. ისინი არც ხელისუფლების კეთილგანწყობას იმსახურებდნენ.

ყველაფერი რთულადაა სამოქალაქო საზოგადოების საკითხშიც. საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას თან ახლდა სოციალურ ქსელებში აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე უპრეცედენტო თავდასხმები. ამავე ანონიმური მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული იყო დოკუმენტები და ფოტოსურათები, რომლებიც აფხაზური ენის დაცვის პროექტის ფარგლებში აფხაზი ლინგვისტების მოლდოვაში ვიზიტს უკავშირდებოდა. პროექტში ქართველი წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და დოკუმენტებში აფხაზები ქართულ დელეგაციას მიაკუთვნეს. ფოტოებზე აფხაზები და ქართველები ერთ ოთახში ისხდნენ, კედელზე კი საქართველოს “არასწორი” რუკა ეკიდა და ა.შ.

შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან, თუმცა არასამთავრობოებზე თავდასხმები იყო გასაკვირად კოორდინირებული და მასობრივი, რომელიც საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შეთანხმების რატიფიკაციის პერიოდს დაემთხვა. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ სურკოვის მიმოწერა, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა “არასამთავრობო ორგანიზაციების შერყევა” იყო. არასამთავრობოთა წარმომადგენლებს კი ანქვაბისტებს უწოდებდნენ. ანქვაბი დღეს უკვე აღარ გვევლინება ოპოზიციის მთავარ საყრდენ ძალად, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთში რუსული ექსპანსიის გზაზე პოტენციურად წარმოადგენენ მნიშვნელოვან წინააღმდეგობრივ ძალას.

აფხაზური სამოქალაქო საზოგადოებისთვის არ არის დამახასიათებელი ხმაურიანი ბრძოლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ისეთ დელიკატურ თემაზე, როგორიცაა რუსეთის გავლენის ზრდა აფხაზეთში.

რუსულ გამოვლინებებს ისინი მშვიდ ანალიტიკურობას უპირისპირებენ – ე.წ. რბილ ძალას, რომელთანაც რუსეთს ტრადიციულად პრობლემები აქვს. მუშაობს ასევე მცირე საზოგადოების ეფექტიც, რომელშიც ყველა ცნობს საკუთარ სამოქალაქო აქტივისტს, ვისთანაც გამოვლილი აქვს ომი და ომის შემდგომი  მძიმე წლები. ერთი სიტყვით, მათ განცხადებებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პოლიტიკოსების ხმამაღალ გამოსვლებს.

თუმცა მათი მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასებაც არ ღირს. აფხაზური საზოგადოება ძალიან დანაწევრებულია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ბევრი მტერი ჰყავს, რომლებიც ანონიმური პუბლიკაციების გავრცელების გზით აქტიურად მონაწილეობენ ოპონენტებზე თავდასხმაში. ასეთი თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ არის მარტივი. ძლიერი წინააღმდეგობა შესაძლოა არასამთავრობოებისთვის უფრო დიდ პრობლემად იქცეს, თუკი ისინი საპასუხო დარტყმებზე გადავლენ და ვეღარ შეძლებენ თვალი ადევნონ რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს.

არსებობს განცდა, რომ აფხაზური საზოგადოება კარგავს რუსული ექსპანსიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნებას. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს რთული ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებითაა გამოწვეული, და ტურისტული სეზონის [აქ დიდი როლი იქონია რუსი ტურისტის მკვლელობამ] ჩავარდნა.

რუსეთმა აფხაზეთის დაფინანსების შეფერხებაც გონივრულად გამოიყენა იმისთვის, რომ აფხაზურ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნებისმიერი წინააღმდეგობა ჩაეხშო. რა თქმა უნდა, ხაჯიმბას ხელისუფლება ცდილობდა გამოსავალი მოეძებნა და დაფინანსების საკუთარი წყაროები ეპოვა, თუმცა მთელი საგარეო კონიუქტურა მის წინააღმდეგ მუშაობს. 

არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, სადაც აფხაზეთს ურყევი პოზიციები დარჩა  – ეს არის, მაგალითად, პრესის დამოუკიდებლობა და საეკლესიო საკითხი. თუკი მოვლენათა ლოგიკურ განვითარებას მივყვებით, უახლოეს დროში რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებებითაც უნდა ველოდოთ.

სოხუმი, ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

სოხუმი, ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი