ახალი ამბებისამართალი

20-წლიანი პატიმრობა ქუთაისში სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულს

31 ივლისი, 2017 • 4394
20-წლიანი პატიმრობა ქუთაისში სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულს

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქუთაისში სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული.

პროკურატურის ცნობით, 2016 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებული გ.გ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თავს დაესხა სავალუტო ჯიხურში მომუშავე კ.დ-ს და იარაღის მუქარით მოსთხოვა თანხა, რაზეც კ.დ-მ უარი განუცხადა და გაქცევა სცადა, რა დროსაც გ.გ-მ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ დამიზნებით ესროლა.

“სროლების შედეგად მიღებული დაზიანებებით კ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.გ. მიიმალა, თუმცა იგი 2016 წლის 11 ნოემბერს სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა დააკავეს,” – იუწყება პროკურატურა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი