ახალი ამბები

შოვინიზმი თუ შეცდომა – “ჯინო ფერედაისის” განმარტება ფეისბუკზე სარეკლამო პოსტზე

31 ივლისი, 2017 • 3923
შოვინიზმი თუ შეცდომა – “ჯინო ფერედაისის” განმარტება ფეისბუკზე სარეკლამო პოსტზე

აკვაპარკმა “ჯინო ფერედაისმა” 30 ივლისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე სარეკლამო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო, რომ თუ “ქართველი” ხარ, გაუმჯობესებულ სერვისს იმავე ფასში მიიღებ. რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მომხმარებლებმა კრიტიკული კომენტარები დაწერეს, “ქართველი” “საქართველოს მოქალაქეთი” ჩანაცვლდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, “ჯინო ფერედაისი” აპირებს, საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზოს ბენეფიტები.

“ჯინო ფერედაისის” ფეისბუკის გვერდზე ამ პოსტის ქვეშ რამდნეიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ ეს ნაციონალიზმი და შოვინიზმია, ზოგიერთმა კი იკითხა, თუ რა შუაშია აქ ქართველობა.

“დროა ეგ სამარცხვინო, შოვინისტური რეკლამა წაშალოთ,”- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

“ჯინო ფერედაისი” მომხმარებლებს ფეისბუკის ამავე პოსტის კომენტარებში განუმარტავდა, რომ გარკვეული სერვისები მხოლოდ ტურისტებისთის ხდებოდა ფასიანი, კერძოდ, ელოდებოდათ “განახლებული ანიმატორული პროგრამა, ახალი ქვიშის ფეხბურთის და ფრენბურთის სტადიონები” და “ახალი სერვისები ფასიანია მხოლოდ ტურისტებისთვის”.

ნეტგაზეთი განმარტებისთვის “ჯინო ფერედაისს” დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ ზოგიერთი მომხმარებლის მიერ სიტყვა “ქართველი” არასწორად იყო ინტერპრეტირებული და მასში მოიაზრეოდა ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, მათივე თქმით, სწორედ ამიტომ შევიდა ცვლილება ტექსტში.

“რა სისულელეა, რომელ შოვინისტობასა და ნაციზმზეა საუბარი. “ჯინო ფერედაისი” გახსნილია ყველა ადამიანისთვის. უბრალოდ, პირიქით,  ქართველებისთვის იგეგმებოდა ბენეფიტები,”- განაცხდეს “ჯინოში”.

ჯინოს წარმომადგენლის განცხადებით, ამ ერთი სიტყვის გამო ადამიანები ვერ მიხვდნენ, რისი თქმა სურდათ:

“ამიტომაც მოხდა ცვლილება და ამის დაკონკრეტება. ეს არის ჩვეულებროვი ბიზნესი, სულელები ხომ არ ვართ, რომ მომხმარებელი დავკარგოთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ? ეს იყო მარტივი შეცდომა, რომელიც მომენტალურად გამოსწორდა,”- განაცხადეს ჯინოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი