ახალი ამბები

წულუკიანი: თუ სააკაშვილი დაბრუნდება უკრაინაში, შეუძლიათ გადმოგვცენ

30 ივლისი, 2017 • 5781
წულუკიანი: თუ სააკაშვილი დაბრუნდება უკრაინაში, შეუძლიათ გადმოგვცენ

როგორ შეიძლება წარიმართოს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, თუ ის უკრაინის მოქალაქე აღარ არის – გადაცემაში “იმედის კვირა” ამ შეკითხვას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს მიერ უკრაინის პროკურატურაში 2 წლის წინ წარდგენილი მოთხოვნა კვლავ ძალაშია და თუ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, მათ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნებული სააკაშვილი საქართველოს გადმოსცენ.

მინისტრის თქმით, საქართველომ ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა უკრაინული მხარისაგან მოითხოვა 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურამ უკრაინას ორჯერ, 2014 და 2015 წლებში მიმართა. წულუკიანის განცხადებით, მაშინ უკრაინულმა მხარემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაგდან მასში დისკრიმინაციული ნიშნები დაინახა.

“როგორც ჩანს, მათ დღეს პოზიცია შეცვალეს, მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც ჩემი განსახილველი არ არის. თუმცა ჩვენი მოთხოვნა მის გადმოცემაზე, იქნება ის თუ არა საქართველოს მოქალაქე, არის ძალაში უკრაინულ მხარესთან. საბუთები უდევს მაგიდაზე უკრაინის პროკურატურას. 2015 წლის აპრილის შემდეგ, რაც ბოლო საბუთები გავგზავნეთ კიევში, მას არაფერი დამატებია მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე, ამიტომ, თუ სურთ გადმოცემა, მათ შეუძლიათ ხვალვე მიიღონ ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ის არ იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ამბობს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში და როგორცვე დაბრუნდება, უკრაინულ მხარეს შესაძლებლობა ექნება მსვლელობა მისცეს იმ დოკუმენტებს, რომლებიც ჩვენ 2 წლის წინ წარვადგინეთ,” – აცხადებს მინისტრი.

26 ივლისს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის ამ დროისათვის აშშ-ში იმყოფება და მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი