ახალი ამბები

იზორია: პენსის ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანია ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის აღიარება

29 ივლისი, 2017 • 2125
იზორია: პენსის ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანია ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის აღიარება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო წვრთნები “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც საქართველოში მესამედ იმართება, საქართველოს საერთაშორისო აღიარების მაჩვენებელია.

“ეს არის დიდი წვრთნების ნაწილი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობა ატარებს,” – განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მისი თქმით, აღნიშნული წვრთნების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.

“ეს წვრთნები ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორი. ეს არის საერთაშორისო აღიარება ჩვენი ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ წვრთნების დროს საქართველოში აშში–ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში.

“ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ჩამოსვლა არის მხარდაჭერის ნიშანი, მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანია ამ თანამშრომლობის აღიარება”, – განაცხადა იზორიამ.

30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მრავალეროვანი წვრთნები – “ღირსეული პარტნიორი 2017” გაიმართება.  სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის სამხედრო პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება და მასში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

“ღირსეული პარტნიორი” საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. თადაცვის სამინისტრიოს განცხადებით, წელს მასშტაბები გაიზარდა და მასში NATO-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს – აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. სწავლებაში პირველად ჩაერთვება გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი “ბოქსერი”. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ამერიკული ტანკები “აბრამსები”, ქვეითთა საბრძოლო მანქანები- “ბრედლი” და “სტრაიკერი”, ასევე, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი