ახალი ამბები

კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული ტენდერები შსს–ში

29 ივლისი, 2017 • 3785
კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული ტენდერები შსს–ში

“სააგენტოს მიერ სატენდერო დოკუმენტაციებით შესყიდვის ობიექტების ტექნიკური პარამეტრები განსაზღვრულია ფიქსირებულად (რისი აუცილებლობაც არ არსებობდა), რაც განაპირობებს არაკონკურენტულ ტენდერებს და, შესაბამისად, მაღალფასიან შესყიდვებს”, – ასეთ დასკვნამდე მივიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელმაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2015–17 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა.

დასკვნაში რამდენიმე კონკრეტული მაგალითია განხილული:

[red_box]ჯი-თი მოტორსზე მორგებული ტენდერი[/red_box]

2014 წლის 28 აპრილს სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 160 ერთეული სპეცავტომობილის შეძენის მიზნით, სავარაუდო ღირებულებით 9,032.3 ათასი ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების აღწერისას მართვის სისტემასთან დაკავშირებით მოთხოვნილია, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ბერკეტი განთავსებული ყოფილიყო საჭის სვეტზე.

“აღნიშნული მოთხოვნა (სხვა პარამეტრებთან ერთობლიობაში) წარმოადგენდა პირდაპირ მინიშნებას ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე (ფორდი). ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა – შპს „ჯი – თი მოტორსმა“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით და მასთან 2014 წლის 2 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით 9,238.4 ათასი ლარი”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

2015 წლის 27 აგვისტოს სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი  34 ერთეული სპეცავტომობილის შეძენის მიზნით შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 2,497.7 ათასი ლარი.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების აღწერისას მართვის სისტემასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილია, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მართვის ბერკეტი განთავსებული ყოფილიყო საჭის სვეტზე.

“აღნიშნული მოთხოვნა ასევე წარმოადგენდა პირდაპირ მინიშნებას ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე (ფორდი). ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტმა – შპს „ჯი-თი მოტორსმა“, რომელმაც კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით”, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

კომპანია ჯი თი მოტორსის 100%–იანი წილის მფლობელი კომპანიის – შპს “ჯი-თი გრუპის” დამფუძნებლები “ქართული ოცნების” შემწირველები არიან: თემურ უსტიაშვილსა და გიორგი გველესიანს 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 60–60 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

[red_box]ტუალეტის ქაღალდზე მითითებული ზომები და სხვა მინიშნებები[/red_box]

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის 28 თებერვალს სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაციით საქონლის ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას მითითებული იყო ისეთი პარამეტრები, რომელთა მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

მაგალითად: ტუალეტის ქაღალდის სიგანე აუცილებლად – 10სმ • სიგრძე -22მ • დიამეტრი – 11სმ • შიდა დიამეტრი – 5სმ • წონა – 95 კგ.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა, შპს „ვი დი ჯი გრუპმა“ (დამფუძნებელი და დირექტორი – გივი კალანდარიშვილი), რომლის მიერ შეთავაზებული საქონლის პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს. პრეტენდენტმა კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა სატენდერო წინადადების ღირებულებით 61.9 ათასი ლარი.

ასევე ერთმა პრეტენდენტმა შპს „ნოვი სტილი ჯორჯიამ“ (დამფუძნებელი და დირექტორი – მალხაზ შალამბერიძე) მიიღო მონაწილეობა და კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა 45.7 ათასლარიან ტენდერში, რომელიც 2014 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადა სააგენტომ ავეჯის შესაძენად და რომელშიც მითითებული იყო ზუსტი ზომები სმ-ებში, მაგალითად, გორგოლაჭებიანი სავარძელი: • სიმაღლე – 101 სმ • სიგანე – 60.5 სმ • სიღრმე – 56 სმ • ორთოპედიული ფორმის • დასაჯდომის სიგანე – 50 სმ • დასაჯდომის სიღმე – 48 სმ • საზურგის სიგანე – 48 სმ • საზურგის სიმაღლე – 49 სმ • ფეხის ვარსკვლავის დაიმეტრი – 64 სმ • ფეხის ვარსკვლავის სიმაღლე – 20 სმ • სახელურის სიმაღლე – 28 • სახელურის სიგანე – 32 სმ.

აუდიტის ანგარიშში სხვა მსგავსი შემთხვევებიც არის განხილული, არის ისეთი მაგალითები, როცა ტენდერში სხვა კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა, თუმცა მკაცრად ფიქსირებული პარამეტრების გამო სწორედ იმ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ვაჭრობენ ზუსტად ამ მოდელებით.

მაგალითად, 2015 წლის 27 იანვარს სააგენტომ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 31.3 ათასი ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით საქონლის ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას მითითებული იყო მკაცრად ფიქსირებული პარამეტრები, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით.

საუბარია ტელევიზორების შესყიდვაზე, რომელშიც გაცილებით დაბალი ფასი წარმოადგინა შპს „მეგაპიქსელმა“ – 25.8 ათასი ლარი, თუმცა გაიმარჯვა შპს „ელიტელმა“ (100% წილის მფლობელია სს ელიტ ელექტრონიკსი), რომელმაც 30.7 ათასი ლარი დააფიქსირა.

“საოფისე ტელევიზორების შესყიდვის მიზნით ტექნიკური პარამეტრების ზუსტი განსაზღვრა აუცილებელი არ არის და წარმოშობს არა5კონკურენტული შესყიდვის განხორციელების რისკებს. ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა შესაძლებელია გარკვეული დიაპაზონის გამოყენებით, რაც არ გამორიცხავს მაღალი შესაძლებლობების მქონე თანამედროვე ტექნიკის შესყიდვას”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.

[red_box]როგორ ასრულებს შსს აუდიტის რეკომენდაციებს[/red_box]

აუდიტის სამსახურმა შემდეგი რეკომენდაციით მიმართა შსს–ს:

“ტენდერებში კონკურენციის გაზრდისა და შესაბამისად ეკონომიურად ხარჯვის მიზნით მნიშვნელოვანია სააგენტომ უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციებით შესყიდვის ობიექტების ტექნიკური პარამეტრების ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრის თავიდან არიდება”.

დასკვნა, რომელშიც აღნიშნული რეკომენდაციაა გაცემული, 2017 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, თუმცა შსს ამის შემდეგაც იმავე ტენდენციით ატარებს ტენდერებს. ამ საკითხზე სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ მასალაშია საუბარი, კერძოდ, როგორც მონიტორი იუწყება, 2017 წლის 14 ივლისს დასრულდა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 3-მილიონიან ტენდერში საბუთების მიღება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის საგნად აღწერილია ისეთი მოდელის მანქანა, როგორიცაა შკოდა, რომელიც მხოლოდ ერთ კომპანიას შემოჰყავს საქართველოში, ესაა შპს “იბერიასერვისი”, რომლის ერთ–ერთი მფლობელი ამჟამინდელი სპორტის მინისტრი –  ტარიელ ხეჩიკაშვილია, თუმცა მის წილს ახლა ავთანდილ ხეჩიკაშვილი განკარგავს.

შპს “იბერიასერვისთან” მანამდე გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებზე აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც არის საუბარი. კერძოდ, განხილულია მაგალითი, როდესაც 2014 წლის 4 ივლისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საჭიროებისთვის 200 ერთეული ავტომანქანის შესაძენად (შემდგომი გადაცემის მიზნით) სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 8,420.9 ათასი ლარი. ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა “იბერიასერვისმა”. თუმცა საბოლოოდ ამ კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი მიიღო, რადგან ხელშეკრულება გაუფორმდა 4,760.0 ათასი აშშ დოლარზე, პროდუქცია მიწოდებული იქნა ეტაპობრივად და ჯამურად გადახდილი იქნა 9,844.3 ათასი ლარი.

“ზემოაღნიშნული შესყიდვის განხორციელებისას არ არის უზრუნველყოფილი კანონმდებლობით გათვალისწინებული რაციონალური ხარჯვის ვალდებულება”, – ასკვნის აუდიტის სამსახური.

“თუ ვივარაუდებთ, რომ ლარის გაუფასურების გამო ადგილი ჰქონდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ხელშეკრულების ღირებულების ლარში დაფიქსირების შემთხვევაში დასაშვები იქნებოდა მისი 10%-ით გაზრდა. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება გაიზრდებოდა 9,263.0 ათას ლარამდე”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი