ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსულ-სომხური სამხედრო დანაყოფის შექმნის რისკები აზერბაიჯანისთვის

29 ივლისი, 2017 • 4835
რუსულ-სომხური სამხედრო დანაყოფის შექმნის რისკები აზერბაიჯანისთვის

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 2016 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც რუსეთისა და სომხეთის სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, უკვე რატიფიცირებულია. დოკუმენტში წერია, რომ დაჯგუფების შექმნის მიზანი კავკასიის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

შეთანხმების შესაბამისად, სამხედროთა გაერთიანებულმა დაჯგუფებამ უნდა დაიცვას რუსეთისა და სომხეთის სახმელეთო საზღვრების ნაწილები და საჰაერო  სივრცე. გარდა ამისა, ქვეყნები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ შექმნან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემა. 

აღნიშნულმა შეთანხმებამ აზერბაიჯანში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, ვინაიდან შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში მოიწონა პრეზიდენტმა პუტინმა. მას შემდეგ აზერბაიჯანში პერიოდულად იწყებოდა განხილვები, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე და რას ნიშნავს ეს აზერბაიჯანისთვის?

რა თქმა უნდა, ამას მოწინააღმდეგე მხარის – სომხეთის გაძლიერებად და რუსეთის არამეგობრულ ნაბიჯად განიხილავდნენ. თუმცა ამ საკითხში, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებია მთავარი.  რუსეთისა და Nato-ს ურთიერთობები ყოველწლიურად უარესდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრები სწორედ თურქეთ-სომხეთის საზღვარზე გადის. მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

რუსეთსა და სომხეთს შორის ისედაც არსებობს ორმხრივი შეთანხმება ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია] ფარგლებში, რომლის შესაბამისად, სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი უნდა ჩაერიოს. გამოდის, ახალი შეთანხმებით განსაკუთრებულად არაფერი იცვლება.

“ე.წ. რუსულ-სომხური სამხედრო დაჯგუფების შექმნა აზერბაიჯანის ინტერესებს პირდაპირ არ ეწინააღმდეგება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციას არც ისე კარგი ურთიერთობები აქვს ოფიციალურ თბილისთან, მცირე კონფლიქტის შემთხვევაშიც, ეს დაჯგუფება შესაძლებელია საქართველოს წინააღმდეგაც იყოს ამოქმედებული”, – საუბრობს ნეტგაზეთთან აზერბაიჯანის პოლიტოლოგთა კლუბის “სამხრეთ კავკასია” ხელმძღვანელი ილგარ ველიზადე.

მისი განმარტებით, რუსულ-სომხური ახალი შეთანხმების მნიშვნელობა გარკვეულწილად გაზვიადებულია აზერბაიჯანში. ფორმულირება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაჯგუფების შექმნის მიზანია კავკასიის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უბრალოდ, რევერანსია სომხეთის მიმართ, ვიდრე ძალთა ბალანსი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთი ვერ იქნება ის მხარე, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

“ჩემი აზრით, რუსეთის რეალური მიზნები – ეს არის საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება და დომინირება რეგიონში. ამ შემთხვევაში, სომხეთი, უბრალოდ, სამხედრო დანაყოფის ბაზირების ადგილი ხდება. ამ დოკუმენტში წერია, რომ სომხურმა მხარემ მშვიდობიან დროს უნდა გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც ამ დანაყოფის საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ, ეს არის პასუხისმგებლობა კვებაზე, ელექტროენერგიის უზრუნველყოფაზე და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ომის დროს კი დაჯგუფება მთლიანად რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადავა და შეიძლება ჩართული იყოს იმ საომარ კონფლიქტში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს შეეხება. ჩემი აზრით, ეს პოზიცია სომხეთისთვის დამამცირებელია. საქმე ის არის, რომ რუსეთს კარგად ესმის, სომხეთი უსიტყვოდ გადასცემს საკუთარ ტერიტორიას რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურის კონტინგენტს, ვინაიდან სომხეთი რუსეთის სრულ სატელიტად იქცა”, – ამბობს პოლიტოლოგი.

მისივე განმარტებით, სომხური მხარე ცდილობს, ეს ინფორმაცია თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს და აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში, ეს დაჯგუფება სომხეთის მხარეს იბრძოლებს. რეალურად ეს ასე არ არის. დაჯგუფება მთლიანად ექვემდებარება რუსეთის ფედერაციას. სომხურ მხარეს ამ საკითხში არანაირი უფლება არ აქვს იმის გარდა, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა ნაწილის აღშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის 14% რუსულ-სომხური არმიის მიერ იქნება ოკუპირებული, ექსპერტი ამბობს, რომ ეს ემოციებია.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და საჭიროა ამის გაგება, რომ საქმე შეეხება რუსული მობილური ჯგუფის შექმნას, რომელიც სომხური არმიის წარმომადგენლებს არც შეიყვანს ამ დაჯგუფებაში”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი