თეა წულუკიანი. იუსტიციის სამინისტროს ფოტო

წულუკიანის თქმით, ევროსასამართლოს კანდიდატის შემრჩევი კომისიის შემადგენლობა არ შეიცვლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არ შეიცვლება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი.

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ითხოვს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა და პროცედურები. კოალიცია მიიჩნევს, რომ თუ კომისიის შემადგენლობა ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები კვლავ რიცხობრივ უმცირესობაში მოექცევიან, ისევ ვერ წარადგენენ სტრასბურგში შესაბამის კადიდატებს.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კანდიდატების შესარჩევი კომისია არ არის ის ადგილი, სადაც შესაძლოა პოლიტიზება დაუშვან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ “საიას” თავმჯდომარე, რომელიც კომისიის “ძალიან ღირებული წევრი” იყო, 26 აგვისტომდე, კომისიის შეკრების თარიღამდე, პოზიციას შეიცვლის და მუშაობაში ჩაერთვება:

“რაც შეეხება მათ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი შეარჩიოს არა სახელმწიფომ და სამთავრობო კომისიამ მათი მონაწილეობით, არამედ არასამთავრობო სექტორმა და დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა, ამგვარი რამ არცერთ წევრ სახელმწიფოში არ ხდება, შესაბამისად, არ არსებობს ამის პრაქტიკა. ჩვენი კომისია კი ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. მის მიერ ჩატარებული პროცედურა უკვე მეორედ შეფასებულ იქნა როგორც დადებითი და ევროპული ყაიდის და ტიპის. შესაბამისად, პროცედურაში ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით. თუკი იქნება გაუმჯობესების სხვა იდეები, როგორც აქამდე გაგვიზიარებია, მათ შორის „საიას“ პოზიცია, მომავალშიც მზად ვართ ისინი გავიზიაროთ,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.


საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი