აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს ტყვიის შემცველობაზე კვლევაში ეხმარება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლის, ჯულიეტ მორგანის თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ საკვებში ტყვიის შემცველობის დონის შესამცირებლად იმუშაოს, პირველ ეტაპზე აუცილებელია ეროვნული კვლევის ჩატარება პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით. მორგანის თქმით, ამერიკული მხარე უკვე ეხმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრს (NCDC) კვლევის მომზადებაში.

“ვფიქრობ, რაც შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა, არის ის, რომ იმისათვის, საკითხი რეალურად გავიგოთ, საჭიროა პრობლემის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული შესწავლა. ჩვენ უკვე გვაქვს დადგენილი ფაქტი, რომ არსებობს პრობლემა, მაგრამ გვჭირდება ინფორმაცია – რა სახის, რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემა. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, რათა დავეხმაროთ მათ ეროვნულ კვლევაში, რომ საქართველომ იცოდეს პრობლემის მიზეზები,” – ამბობს მორგანი.

სურსათის უვნებლობის სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე ჩაატარა კვლევები და დაადგინა, რომ დასაშვებ ოდენობაზე მეტი აღმოჩენილია არა მხოლოდ სუნელებში, არამედ – ხორცში, რძეში, თხილში და სასმელ წყალშიც კი. პროდუქტები 2015-2017 წლებშია შემოწმებული. ჯულიეტ მორგანი ამბობს, რომ უკვე ჩატარებული ადგილობრივი კვლევების შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ახალი მასშტაბური კვლევა ჩატარდეს, რის შემდეგაც შეძლებენ, უფრო კონკრტულად ისაუბრონ აღნიშნულ თემაზე:

“არ ვიცნობ ადგილობრივი გამოკვლევეის შედეგებსა და ხარისხს, მის დეტალებს. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებელია მეტი გამოძიება, დამატებითი ინფორმაცია, რათა შემდეგი ნაბიჯები დაიგეგმოს,” – ამბობს ის.

NCDC-ის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ 2018 წელს საქართველოს მასშტაბით იგეგმება ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე ჩატარდეს კვლევა, რომელსაც რეპრეზენტატული შედეგები ექნება.


ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოსახლეობას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომ არ გამოიყენონ ქართული სანელებლები – მასში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო. ქართველი მომხმარებლების ნაწილისთვის ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო. On.ge-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ 25 გამოკვლეული ნიმუშიდან ტყვიას ოთხი მათგანი შეიცავდა.

ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი