ახალი ამბები

არასამთავრობოების მიმართვა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს საქართველოში ვიზიტის წინ

28 ივლისი, 2017 • 2374
არასამთავრობოების მიმართვა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს საქართველოში ვიზიტის წინ

საქართველოში მოქმედი 23 არასამთავრობო ორგანიზაცია წერილით მიმართავს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს. წერილში ის პრობლემური საკითხებია გამოყოფილი, რომლებზეც არასამთავროებოების შეფასებით, აუცილებელია ყურადღება გაამახვილოს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის დროს.

პრომლემურ საკითხებად გამოყოფილია საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება, მედიის მდგომარეობა, დაუსჯელობა სამართალდამცავ უწყებებში.

“გვსურს, გამოვკვეთოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს და საფრთხის წინაშე აყენებს უკანასკნელი წლების დემოკრატიულ მიღწევებს. ქართული დემოკრატიის ეს კონკრეტული ნაკლოვანებები ზემოქმედებას ახდენს როგორც ჩვენს განვითარებაზე, ისე უსაფრთხოებაზე.

ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს პრობლემად მიგვაჩნია მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპიროვნული რეფორმირება. მმართველმა პარტიამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციის პროექტზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების წერილში.

არასამთავრობოები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით:

“მიუხედავად რეფორმების სამი ტალღისა და მართლმსაჯულების სისტემის ზოგიერთი პოზიტიური ცვლილებისა, 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების მთავრობამ უმეტესწილად ვერ შეძლო ამ სფეროში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება”, – ნათქვამია წერილში.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც ყურადღებას ამახვილებენ წერილში არასამთავრობოები, ეხება  სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების დაუსჯელობას:

“სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე არ არსებობს ეფექტური საპარლამენტო და სამოქალაქო, ან სასამართლო კონტროლი. ადამიანის უფლებათა დარღვევის (ძალაუფლების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობის, ნარკოტიკების ჩადებისა და ა. შ. ბრალდებები) შემთხვევებს, როგორც წესი, არ მოჰყვება შედეგიანი და ობიექტური გამოძიება. ამ პრობლემების უახლესი და ყველაზე სერიოზული მაგალითებია აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტის, აფგან მუხტარლის გატაცებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის  ფაქტების გამოუძიებლობა”.

მწვავე პრობლემებს შორის წერილში გამოყოფილია მედიაგარემოს გაუარესება:

“საქართველოში მედიის სფეროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის მედიის პლურალიზმს საქართველოში. სამი სამაუწყებლო კომპანია მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების მფლობელობაშია. „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელსაც  მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაფინანსება აქვს, ჰყავს ახალი მენეჯმენტი, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ერთადერთი ნაციონალური მაუწყებელი, რომლიდანაც ისმის ალტერნატიული კრიტიკული აზრი, არის ტელეკომპანია „რუსთავი 2″, რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის  და ჩართულია მისი საკუთრების საკითხზე წარმოებულ სამართლებრივი პროცესში”.

ვრცლად არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი