ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე გარუჯვას გადავწყვეტთ

28 ივლისი, 2017 • 4815
რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე გარუჯვას გადავწყვეტთ

რა რისკის ქვეშ ვაყენებთ საკუთარ თავს, როდესაც ნამზეურს ვიღებთ და რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე სოლარიუმში ან პლაჟზე გასარუჯად წავალთ? სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემა და კვლევითი ორგანიზაცია გარუჯვის მავნებლობაზე საუბრობს.

[yellow_box]რა შედეგები აქვს მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას ადამიანის კანზე?[/yellow_box]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების სამი ტიპი მათი ტალღის სიგრძეების მიხედვით იყოფა და რაც უფრო მოკლეა ტალღა, მით უფრო მავნეა UV რადიაცია.

კერძოდ, UVC ტალღები UV გამოსხივების ყველაზე მავნე ტიპია, თუმცა ეს ტალღები მთლიანად იფილტრება ატმოსფეროში და დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს.

საშუალო სიგრძის ტალღის მქონე UVB სხივები ბიოლოგიურად ძლიერ აქტიურია, თუმცა ვერ აღწევს კანის ზედაპირული შრეების მიღმა. სწორედ ეს სხივები არის პასუხისმგებელი შენელებულ გარუჯვასა და დაწვაზე. ამ მოკლევადიანი ეფექტების გარდა, ეს სხივები ხელს უწყობს კანის დაბერებას  და კანის კიბოს განვითარებას. UVB სხივების დიდი ნაწილი ატმოსფეროში იფილტრება.

შედარებით გრძელტალღოვანი UVA სხივები შეადგენს იმ UV გამოსხივების 95%-ს, რომელიც დედამიწის ზედაპირამდე აღწევს. მას კანის ღრმა შრეებში შეღწევა შეუძლია და მომენტალურად იწვევს ნამზეურის ეფექტს. ეს სხივები ხელს უწყობს კანის დაბერებასა და ნაოჭების გაჩენას. WHO-ს ცნობითვე, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ UVA არ იწვევდა ხანგრძლივ ზიანს, თუმცა უკანასკნელი კვლევები მტკიცედ ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა კანის კიბოს განვითარებას ხელი შეუწყოს.

ლიცენზია: CC

[yellow_box]“უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს”[/yellow_box]

მელანომას კვლევის ფონდი (MRF) აცხადებს, რომ არ არსებობს “უსაფრთხო გარუჯვის” ცნება და გარუჯული სხეული კანის უჯრედების დაზიანებით მიიღწევა.

ამავე წყაროს ცნობით, მელანომა კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა 25-29 წლის ადამიანებში და მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმა – 15-29 წლის ადამიანებში. ამავე წყაროს თანახმად, 25-30 წლის ქალებში კიბოთი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი მელანომაა, ხოლო კიბოთი სიკვდილის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი – 30-35 წლის ქალებში.

“მელანომების 90%-ს ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება იწვევს. ეს მოიცავს როგორც მზის UV გამოსხივებას, ასევე სხვა ხელოვნური საშუალებების, როგორიც სოლარიუმია,”- წერს MRF.

რაც შეეხება სოლარიუმს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციამ სოლარიუმის ნათურებს კიბოს რისკის ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიუჩინა ადგილი – როგორც კანცეროგენულს ადამიანებისთვის. იმავე კატეგორიაში, რომელშიც მოთავსებულია ისეთი საშიში ნივთიერებები, როგორიც არის პლუტონიუმი, აზბესტი, სიგარეტი და სხვ.

“არაერთი სხვადასხვა გამოკვლევა თანმიმიდევრულად აჩვენებს, რომ სოლარიუმში გარუჯვა ზრდის ყველა სახის კანის კიბოს, მათ შორის, მელანომას ჩამოყალიბების რისკს,”- აცხადებს MRF.

ლიცენზია: CC

[yellow_box]როგორ გახდა გარუჯვა პოპულარული?[/yellow_box]

Skincancer.org-ის ცნობით, მზის სხივები გახდა ჯანმრთელობასთან ასოცირებული მას შემდეგ, რაც არნოლდ რიკლიმ, “მზის ექიმმა” 1855 წელს პირველად გამოიყენა მზე ტუბერკულოზის სამკურნალოდ. მზის სხივებს ასევე იყენებდნენ დეპრესიისა და ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდაც.

1920 წელს კი, დიზაინერმა კოკო შალენლმა გარუჯვის იდეას გაუწია პოპულარიზაცია და მზე თანდათანობით გახდა როგორც სიამოვნებისა და რელაქსაციის, ასევე ჯანმრთელობის გამომხატველი.

[yellow_box]გარუჯვა დამოკიდებულებას იწვევს[/yellow_box]

მელანომას კვლევის ფონდი წერს, რომ კავშირი UV რადიაციასა და მელანომას შორის ნათელია, თუმცა გარუჯვა პოპულარულია, ვიდრე ოდესმე. ამან აიძულა მკვლევრები, რომ შეესწავლათ, იწვევდა თუ არა გარუჯვა დამოკიდებულებას. კვლების შედეგების თანახმად, გარუჯვა იწვევს მიჩვევას ისევე, როგორც კიბოს გამომწვევი სხვა აქტივობები, მაგალითად, მოწევა. UV სხივები იწვევს ენდორფინების გამომუშავების მომატებას – ნივთიერებების, რომელიც ადამიანს თავს კარგად აგრძნობინებს. ამან შესაძლოა დამოკიდებულება გამოიწვიოს.

ამავე წყაროს ცნობით, ბოლო დროს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც მელანომა უკვე დაუდგინდა, აგრძელებს სოლარიუმის მოხმარებას, რაც გარუჯვაზე დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

[yellow_box]გარუჯვა აუცილებელია ვიტამინი D-ს გამომუშავებისთვის?[/yellow_box]

Vitamindcouncil-ის ცნობით, ორგანიზმში საჭირო ვიტამინი D-ს მისაღებად ორი გზა არსებობს – შიშველ კანზე მზის სხივებით დასხივება, ან ვიტამინი D–ს შემცველი დანამატების მიღება, რადგანაც საკვები ამ ვიტამინს მცირე რაოდენობით შეიცავს.

ვიტამინი D-ს მიღების ბუნებრივი გზა შიშველ კანზე მზის (ულტრაიისფერი) სხივებით დასხივებაა, რაც, ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით – ზაფხულში

“არ არის საჭირო გაირუჯოთ, ან კანი დაიწვათ, რათა ვიტამინი D გამომუშავდეს. ამისთვის მზეზე უნდა გაატაროთ იმ დროის ნახევარი, რა დროშიც თქვენი კანი დაწვას იწყებს… მცირე ხნით მზის სხივებით კანის დასხივებით იღებთ D ვიტამინის მთლიან ოდენობას, რისი გამომუშავებაც კი ადამიანის ორგანიზმს 1 დღის განმავლობაში შეუძლია,”– ვკითხულობთ Vitamin D Council–ის ვებგვერდზე.

აქვე წერია, რომ კანის რაც უფრო მეტი ნაწილით მიეფიცხებით მზეს, ვიტამინი D-ს უფრო მეტი ოდენობა გამომუშავდება.

Skincancer.org კი ადამიანებს ურჩევს, D ვიტამინი გამოიმუშაონ ისე, რომ არ დაიწვან მავნე UV სხივებით. მათი რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები, ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინი D კი ჯანსაღი კვებისა და საკვები დანამატის კომბინაციით მიიღონ.

ლიცენზია: CC

[yellow_box]რას ნიშნავს რიცხვები, რომელსაც მზისგან დამცავ საშუალებებზე ვკითხულობთ?[/yellow_box]

შეამჩნევდით, რომ მზისგან დამცავ საშუალებებს სხვადასხვა რიცხვი აწერია – spf 15, spf 25, spf 30, spf 50.

მაგალითად, თუ მზეზე ყოფნისას დამცავი საშუალების გარეშე კანი 15 წუთის შემდეგ იწყებს გაწითლებას, spf 20-ის გამოყენების შემდეგ ეს დრო 20-ჯერ გაიზრდება და თეორიულად, კანი 300 წუთის, ანუ 5 საათის შემდეგ დაიწყებს დაწვას.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მზეზე 5 საათს გავატარებთ, 5 საათის განმავლობაში არ დავიწვებით. რეკომენცაციების თანახმად, ბანაობის ან გაოფლიანების შემდეგ აუცილებელია დამცავი კრემის ხელახლა წასმა.

ასევე, მედიცინის დოქტორი სტივენ უონგი განმარტავს, რომ SPF-ის ტესტირებისას კანის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე 2 მილიგრამ დამცავ კრემს იყენებენ. თუმცა, რეალურად, ადამიანების უმეტესობა კანის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე მხოლოდ 0.5 მილიგრამ დამცავ საშუალებას ისვამს, რაც, მის ეფექტს დაახლოებით 1/3-მდე ამცირებს.

მაღალი SPF უფრო მეტ სხივს ბლოკავს – თუკი SPF 15 ფილტრი UVB სხივების 93%-ს ბლოკავს, SPF 30-ს ამ სხივების 97%-ის დაბლოკვა შეუძლია, თუმცა ვერც ერთი მზისგან დამცავი კრემი ვერ დაგიცავთ UVB სხივების 100%-ისგან.

მზისგან დამცავი საშუალების შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული საშუალება გთავაზობდეთ ფართო სპექტრის დაცვას (UVA/UVB).

[yellow_box]უფასო მზისგან დამცავი კრემი – საპილოტე პროგრამა ნიუ-იორკში[/yellow_box]

ნიუ-იორკში 27 სხვადასხვა ადგილას დააყენეს მზისგან დამცავი საშუალების 100 დისპანსერი, საიდანაც ადამაინებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი – ამის შესახებ ინფორმაცია The New York Times-მა 15 ივლისს გამოაქვეყნა.

მზისგან დამცავი უფასო კრემის პროგრამა პილოტური პროგრამის ნაწილია, რომელიც კანის კიბოს პრევენციას ისახავს მიზნად. ამავე წყაროს ცნობით, მსგავსი პროგრამები უკვე ფუნქციონირებს მაიამისა და ბოსტონის სანაპიროებზე.

ქალაქის ჯანდაცვის კომისარი, დოქტორი მერი ბასეტი ამბობს, რომ აუცილებელია მინიმუმ SPF 30-ის გამოყენება და მისი განმეორებითი წასმა ყოველ ორ საათში, ან ცურვის შემდეგ.

“მზისგან დამცავი ლოსიონის დისპანსერები, რომლებიც ქალაქში დამონტაჟდა, ნიუ-იორკელებს ახსენებს, რომ საკუთარი თავი კანის კიბოსგან დაიცვან,”- განაცხადა მან.

[yellow_box]გარუჯვის ალტერნატივა[/yellow_box]

“მელანომას კვლევის ფონდი” ადამიანებს მოუწოდებს, რომ დაიცვან და დააფასონ ის კანი, რომლითაც დაიბადნენ.

აქვე საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა მათ გამოიყენონ მზის გარეშე გარუჯვის ეფექტის მიმცემი კრემები და ლოსიონები (ე.წ. ავტორუჯი), რომელიც კანის UV გამოსხივებით დამწვრობას არ იწვევს. 

ამასთან ერთად, სტატიის ავტორი დასძენს, რომ ავტოგასარუჯი საშუალებების პოპულარიზება სულაც არ არის მიმართული იმ სოციალური ნორმების წინააღდეგ, რაც ადამიანებს გარუჯვისკენ უბიძგებს.

“მომავალი კვლევები შეუწყობს ხელს, რომ უფრო მეტი გავიგოთ მზის გარეშე გასარუჯი პროდუქტების გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა, ამ საშუალებებმა, შესაძლოა, კვლავ ხელი შეუწყოს არასწორ აღქმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივი კანი აუცილებლად უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ლამაზი გახდეს,”- ვკითხულობ MRF-ის სტატიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი