ახალი ამბები

მიმართვა თბილისის მერს სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ

27 ივლისი, 2017 • 2197
მიმართვა თბილისის მერს სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი თბილისის მერს წერილობით მიმართვას, რათა არ დაუშვას კუს ტბის ასახვევში მდებარე სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს აშენება. მათი ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ, 2280 კვ.მ სარეკრეაციო ზონაში (რზ3), დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა.

“თქვენს წარმოებაში ამჟამად განიხილება, 2002 წელს გაცემული პასპორტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანისა და შენობის გამოყენების ფუნქციად „სასტუმროს“ დაფიქსირების, ასევე, დადგენილი კოეფიციენტების ცვლილების, კერძოდ კ2-ის 2.0 განსაზღვრის მოთხოვნა (იხილეთ განაცხადი # AR1498403).

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული საკითხი განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ („ზონალურმა საბჭომ“), რომელმაც გასცა დადებითი რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ საბჭოს რამდენიმე წევრმა საგანგაშოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს მშენებლობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების განადგურებას (იხილეთ საბჭოს გადაწყვეტილება 27/04/2017 # AR1498403).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურმა, განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზები, რომელიც მხედველობაში არ იღებს საბჭოს ზოგიერთი წევრის ზემოაღნიშნულ არგუმენტებს ამ ტერიტორიაზე განაშენიანების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვისთანავე, თბილისის მუნიციალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის აქტით (№ AR1178093MS), საკითხი გადმოგეგზავნებათ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად”, – ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორების განცხადებით, მოცემული საქმე მორიგ განაშენიანებას უშვებს სარეკრეაციო ზონაში, რითაც უხეშად ლახავს საჯარო ინტერესს და უგულებელყოფს წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან არაერთი ფორმით დაფიქსირებულ მოთხოვნას ქალაქის ეკოლოგიური რესურსების დაცვასთან დაკავშირებით.

“განსაკუთრებით მძიმეა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი მშენებლობის დაგეგმვა, მას შემდეგ, რაც 2013 წელს, საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რეკომენდაციით, საკრებულოს მიერ შეცვლილი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა და დასუსტებული დაცვის რეჟიმის გამო, შესაძლებელი გახდა ამ ტერიტორიაზე მასშტაბური ფართობის რესტორნის მშენებლობა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დააზიანა მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური ერთიანობა, გამოიწვია ეკოლოგიური რესურსების განადგურება და შეამცირა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო და სხვა საჯარო ფუნქციებით გამოყენების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია აქვე აღვნიშნოთ, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ამ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ნაწილისათვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ცვლილების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთების არარსებობის მოტივით. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც”, – ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორების განცხადებით, მერიის არქიტექტურის სამსახურისა და განსაკუთრებით თბილისის მერის მხრიდან სასტუმროს მშენებლობის მოთხოვნის ნებისმიერ სტადიაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება მკაფიო განაცხადი იქნება საზოგადოებრივი მოთხოვნების წინააღმდეგ, შელახავს საჯარო ინტერესს და დაარღვევს საქართველოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების საფუძვლების შესახებ კანონით განმტკიცებულ სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ:

  • უარი ეთქვას განმცხადებელს წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

  • არ გაიზარდოს ამ ტერიტორიის სამშენებლო პარამეტრები და უზრუნველყოფილი იქნეს ტერიტორიის ეკოლოგიური რესურსების უცვლელად შენარჩუნება.

წერილს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

ინიციატივა საჯარო სივრცისათვის, თბილისის არქიტექტურული ფორუმი, ტფილისის ჰამქარი, პარტიზანული მებაღეობა, თბილისი, მწვანე ალტერნატივა, იარე ფეხით, ცხოველთა უფლებების კომიტეტი

ინდივიდუალური აქტივისტები:

ქ. თბილისის მერობის დამუკიდებელი კანდიდატი- ალექსანდრე ელისაშვილი, მერაბ ქეჩხოშვილი, ერეკლე ურუშაძე, ლუკა ბაქრაძე, ლევან კალანდარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი