საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 13.04.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

NDI: გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი აღარაა გადაწყვეტილების მიმღები

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19% ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა. ამავე საკითხზე გასული წლის მარტში ანალოგიურად ფიქრობდა გამოკითხულთა 15%.

გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. 2016 წლის მარტში ანალოგიურად ფიქრობდა 66%.

გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ სასურველია, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

Screen Shot 2017-07-27 at 12.35.36 PM

ქართული ოცნების წევრების განცხადებით, მიმდინარე წელს ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება პირველი წელი მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერობიდან გადადგა, როცა ის ღიად არ მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო პროცესში.

კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 18 ივნისი – 9 ივლისი. პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა მთელ საქართველოში 2,261 ინტერვიუერთან. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი