ახალი ამბები

პრემიერი: აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი სტიმულია ორმხრივი ურთიერთობებისთვის

27 ივლისი, 2017 • 1653
პრემიერი: აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი სტიმულია ორმხრივი ურთიერთობებისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ საქართველომ მოკლე დროში დაამყარა მჭიდრო ურთიერთობა ახალ ადმინისტრაციასთან.

“მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავამყარეთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი”, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურობის განმტკიცებისთვის ჩვენს რეგიონში. ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მესამედ იმართება ასეთი ტიპის სწავლება და ესეც ნამდვილად მისასალმებელია. ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა არის ძალიან მაღალი. ასევე ვფიქრობთ, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც ძირითადი მიმართულებაა არჩეული- ეს არის უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობის განვითარება, დემოკრატიის განვითარების მიმართულება, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის განვითარება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ვფიქრობთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, მაიკ პენსის ვიზიტის დროს, რომელიც 31 ივლისსა და 1 აგვისტოს გაიმართება, დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები.

აღნიშნული პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც დღეს, 27 ივლისს გაიმართა. მთავრობის სხდომაზე 25 საკითხს განიხილავენ, რომელთაგან ერთი საიდუმლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი