ახალი ამბები

ანა დოლიძე: პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი

26 ივლისი, 2017 • 6015
ანა დოლიძე: პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობისთვის შეუფერებელია. კობახიძე და დოლიძე პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას შეკამათდნენ:

“ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ, ის არის ქართული პოლიტიკის შარიკოვი, უფრო უარესი შარიკოვი, პერსონაჟია ბულგაკოვის, რომელიც გარკვეული ვითარების გამო მოხვდება თანამდებობაზე და შემდეგ შეურაცხყოფას აყენებს გარშემო ყველას. სამწუხაროდ, ის ასევე შეურაცხყოფას აყენებს 10 000-ობით საჯარო მოსამსახურეს, რადგან უდიერად მოიხსენიებს მოსამსახურეებს და ფიქრობს, რომ ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზები, რომლებსაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ”,-განაცხადა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 26 ივლისს, პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი გამოსვლა სავსე იყო დაუმსახურებელი კრიტიკით, რამაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია. მან დოლიძეს სიტყვა გააწყვეტინა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანმა, როგორც საჯარო მოსამსახურემ, პოლიტიკოსებზე არ უნდა ისაუბროს.

ანა დოლიძემ მას მიუთითა, რომ კანონის ცვლილების შემდეგ საჯარო მოსამსახურის სიიდან პრეზიდენტის მდივანი ამოიღეს და ის პოლიტიკური თანამდებობის პირია. კობახიძემ კი განაცხადა, რომ ეს ტყუილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი