ახალი ამბები

ბოკერია: საქართველოს მთავრობა სააკაშვილის გადმოცემას მაინც ვერ მიაღწევს

26 ივლისი, 2017 • 2990
ბოკერია: საქართველოს მთავრობა სააკაშვილის გადმოცემას მაინც ვერ მიაღწევს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი გიგა ბოკერია ამბობს, რომ თუ მთავრობა სააკაშილის გადმოცემის მცდელობას განაახლებს, ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელება იქნება, რაც ქვეყანას დააზარალებს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე.

“თუ ჩვენი მთავრობა შეეცდება ახლა, ახალი ენერგიით მისი გადმოცემის მცდელობის განახლებას, ეს იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ ჩვენი მთავრობისთვის ქვეყნის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემები კი არ არის მთავარი პრიორიტეტი, არამედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც მხოლოდ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, საერთაშორისო ასპარეზზე. თან ამ შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ, თუ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა არ გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოს ამას. მთელი ეს ამბავი არის ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო პოლიტიკური დევნის გაგრძელება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა უკრიანის მოქალაქეობა დაკარგა, დღეს უკრაინელმა პარლამენტარმა და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. პორტალმა obozrevatel.com-მა დაწერა, რომ საემიგრაციო სამსახურმა სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზად ტყუილი დაასახელა. მოგვიანებით, დავით საყვარელიძემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარაა და ის უკრაინის პასპორტს ფლობს. ამ პასპორტით მან ოდესის ოლქის გუბერნატორადაც იმუშავა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებდა, “რაც არაკონსტიტუციურია”.

“სრულიად დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პრეზიდენტმა პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ იქნას ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას“, – რადიო თავისუფლების ცნობით განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა მაისში თქვა, რომ “უკრაინის პრეზიდენტი აპირებდა საქართველოში ჩასვლას და იქ ასეთი ყალბი დოკუმენტის მოპოვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი