ახალი ამბები

საყვარელიძე: სააკაშვილს მოქალაქეობაც ჩამოართვეს და უკრაინაში შესვლაც აუკრძალეს

26 ივლისი, 2017 • 28360
საყვარელიძე: სააკაშვილს მოქალაქეობაც ჩამოართვეს და უკრაინაში შესვლაც აუკრძალეს

დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. საყვარელიძის თქმით, სააკაშვილს უკრაინაში შესვლაც აუკრძალეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი დავით საყვარელიძე ფეისბუკზე წერს.

“უკრაინამ მორიგი “იანუკოვიჩი” მიიღო, ოღონდ ინგლისურის მცოდნე.

საყვარელიძე წერს, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობისა და უკრაინაში შესვლის უფლების აკრძალვა მის პარტიას ვერ შეაჩერებს.

“პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს უფრო მოაახლოვებს”, – წერს საყვარელიძე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა უკრიანის მოქალაქეობა დაკარგა, დღეს უკრაინელმა პარლამენტარმა და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. პორტალმა obozrevatel.com-მა დაწერა, რომ საემიგრაციო სამსახურმა სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზად ტყუილი დაასახელა, თუმცა გამოცემა დამატებითი დეტალების შეახებ არ წერს. საემიგრაციო სამსახურთან დაკავშირებას ნეტგაზეთიც ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ.

მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარაა და ის უკრაინის პასპორტს ფლობს. ამ პასპორტით მან ოდესის ოლქის გუბერნატორადაც იმუშავა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებდა, “რაც არაკონსტიტუციურია”.

“სრულიად დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პრეზიდენტმა პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ იქნას ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას“, – რადიო თავისუფლების ცნობით, განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა მაისში თქვა, რომ “უკრაინის პრეზიდენტი აპირებდა საქართველოში ჩასვლას და იქ ასეთი ყალბი დოკუმენტის მოპოვებას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი